„6-7 წლის წინ წავიდა ილია ისრაელში და არ დასცალდა დაბრუნება…” – რას ამბობენ ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპულ ილია ნოზაძეზე მშობლიურ სოფელში

Dailyinfo.cc 1 კვირა წინ 10
„6-7 წლის წინ წავიდა ილია ისრაელში და არ დასცალდა დაბრუნება…” – რას ამბობენ ისრაელში ტერაქტის დროს დაღუპულ ილია ნოზაძეზე მშობლიურ სოფელში

ისრაელში, თელ-ავივში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას ქართველი მამაკაცის, 42 წლის ილია ნოზაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. იმ დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა და 15 დაიჭრა. ილია წარმოშობით ხაშურიდან იყო. ალის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, სოფელ ქინძათში ცხოვრობდა. ამ სოფელში ცხოვრობს დღეს მისი ოჯახი, რომელიც მომხდარით შეძრულია. ილიას დარჩა მეუღლე და 17 და 14 წლის შვილები.

“ილია კარგი ახალგაზრდა იყო, მშრომელი ადამიანი, ძალიან დადებითად შემიძლია დავახასიათო. ძალიან განვიცდით ყველანი ამ ტრაგედიას. არასრულწლოვანი შვილები ჰყავს. ერთი მოსწავლეა, მეორემ წელს დაამთავრა სკოლა და ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში. 6-7 წელია, რაც ილია წასულია ისრაელში. იქ მუშაობდა და ეს სამწუხარო ინფორმაცია შევიტყვეთ. ძალიან განვიცდით ყველანი ამ ამბავს.

სოფელში ილიას სახლის გვერდით ცხოვრობს ილიას დედა, ძმის სახლში. ძალიან მძიმე ტრაგედიაა. ახლა სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას ოჯახს და დაეხმარება ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებაში. კონკრეტულად როდის ჩამოასვენებენ, ჯერ არ ვიცით.

ილია მშრომელი ბიჭი იყო, იქ წასვლამდე სოფლის მეურნეობას ეწეოდა”, – განუცხადა “კვირის პალიტრას” მერის წარმომადგენელი ალის ადმინისტრაციულ ერთეულში, იაგო ქიტიაშვილი.

როგორც ირკვევა, სადგურზე მატარებელი გაჩერებული იყო და ამ დროს ტერორისტებმა გარედან მატარებელს ცეცხლსასროლი იარაღის ჯერი გადაატარეს. დაჭრილებს შორის არის საქართველოს კოდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამჟამად კლინიკაშია გადაყვანილი. კიდევ ერთი ქართველი ქალი თურმე ამ მატარებელში იყო და ის სასწაულად გადაურჩა სიკვდილს. 

ილია ნოზაძის სამშობლოში ჩამოსვენებას ელოდებიან მისი ოჯახის წევრები და ნათესავები. მათ წარსულში ილიაზე საუბარი უჭირთ.

“ძალიან კარგი ადამიანი იყო, კარგი მამა, მეუღლე. ადამიანი იყო საოცარი, ალალი, თბილი, მიჭირს წარსულში საუბარი. ამ ამბის გაგების მერე ყველანი განადგურებულები ვართ, კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩემი ალალი მამიდაშვილია. ბავშვობა ერთად გავატარეთ და ყველაფერი კარგი მაგონდება. ყველა განვიცდით. ძალიან დიდი ოჯახი და სანათესავო გვყავს და ყველას საშინლად გვტკივა გული, 7 წელია, რაც წასულია. ძალიან მენანება და ძალიან მტკივა. ყველას მონატრებული წავიდა, როგორ გაიმეტეს…”, – თქვა ილიას ბიძაშვილმა თეო მაჭარაშვილმა.

კვირის პალიტრა

სრულად წაიკითხეთ სტატია