
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პლასტიკის პარკის მწარმოებლების შემოწმებას აგრძელებს. უწყების ცნობით, შემოწმების პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება და ქვეყნის რეგიონებსაც მოიცავს.
“ინსპექტირების პირველ ეტაპზე ლაბორატორიაში გადაგზავნილი სინჯების კვლევის შედეგად კი, 14 სახეობის პარკის ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთი სახეობის ნიმუშში გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს და 48 ათასი პარკი, რომლებშიც დარღვეული იყო დეგრადაციის ხარისხი, დალუქეს”, – წერს გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი.
პარკების ნიმუშები, დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე მეტალების შემცველობის დადგენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში იგზავნება.
აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან საქართველოში აკრძალულია არაბიოდეგრადირებადი პოლიეთილენის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნული პერიოდიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.