საქართველოში 26 ოქტომბრის გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. მოახლოებული არჩევნები იმ დროს იმართება, როდესაც ქართული საზოგადოება ევროკავშირსა და რუსეთს შორის გზაგასაყარზე იმყოფება. საზოგადოების უმეტესი ნაწილი კონსტიტუციური მიზნისკენ – ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ ისწრაფვის, თუმცა დასუსტებულია რუსული გავლენით არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც – რომელიც მმართველი ძალიდან მოდის.
მოახლოებული არჩევნები არამხოლოდ თავისი არსითაა მნიშვნელოვანი, არამედ უნიკალურიცაა რამდენიმე სხვა ასპექტით. ეს იქნება პირველი სრულად პროპორციული არჩევნები საქართველოში, ისევე როგორც პირველი ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. იმ ფაქტმა, რომ ეს პირველი პროპორციული არჩევნებია და პარლამენტში შესასვლელად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო, პოლიტიკურ პარტიებს კოალიციების შექმნისკენ უბიძგა. ამასთან, 5%-იანი ბარიერის გადალახვის ოთხმა მთავარმა პრეტენდენტმა – მათ შორის სამმა ყველაზე ცნობილმა ოპოზიციურმა კოალიციამ, ასევე პარტიამ „საქართველოსთვის“ – პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ „ქართულ ქარტიას“ მოწერა ხელი.
ძირითადი პრეტენდენტები, რომელთაც 19 რეგისტრირებულ პარტიას შორის ბარიერის გადალახვის საუკეთესო შანსი აქვთ, არიან:
- (41) ქართული ოცნება, ამჟამინდელი მმართველი პარტია, რომელიც ასევე აერთიანებს პოლიტიკურ მოძრაობას „ხალხის ძალა“;
- (5) ერთობა საქართველოს გადასარჩენად, რომელიც აერთიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელს“ და სხვადასხვა ძველ და ახალ სახეებს;
- (4) კოალიცია ცვლილებისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი სახეების კიდევ ერთი გაერთიანება, რომელშიც გაერთიანებულია პარტია „ახალი“ ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას ხელმძღვანელობით, ასევე „გირჩი – მეტი თავისუფლება“ ზურა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით და „დროა“ ელენე ხოშტარიას ხელმძღვანელობით;
- (9) ძლიერი საქართველო, ალიანსი, რომელსაც ხელმძღვანელობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ და აერთიანებს პარტიას „ხალხისთვის“ ანა დოლიძის ხელმძღვანელობით, „მოქალაქეებს“ ალეკო ელისაშვილის ხელმძღვანელობით და „თავისუფლების მოედანს“ ლევან ცუცქირიძის ხელმძღვანელობით;
- (25) საქართველოსთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხელმძღვანელობს და რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წამოსულ ადამიანებს და ყოფილ დეპუტატებს აერთიანებს.
წინამდებარე ბლოგის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია მოახლოებული არჩევნების გარშემო მიმდინარე ყველა მოვლენის შესახებ:
პარასკევი, 11 ოქტომბერი
15:00 – კომპანია Savanta-ს საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგები
ბრიტანულმა კომპანია Savanta-მ ტელეკომპანია „მთავარი არხისთვის“ „მედიის თავისუფლების ფონდის“ დაკვეთით საზოგადოებრივი გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. სტრატიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა ხმის უფლების მქონე (18 წლის და მეტი ასაკის) 1561 ადამიანი. კვლევის ცდომილების ფარგლები შეადგენს + -2,48%-ს, 95%-იანი სანდოობით.
კითხვაზე, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:
- „ქართული ოცნება“ – „ხალხის ძალა“ – 36%
- „კოალიცია ცვლილებისთვის” – 18%
- „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 14%
- „გახარია – საქართველოსთვის” – 10%
- „ძლიერი საქართველო” – 8%
- „გირჩი“ – 3%
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” – 3%
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 2%
- სხვა – 6%
13:28 – ცესკო-მ 7 დამატებითი უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ დამატებით 7 საარჩევნო უბნის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, დამატებითი უბნები შეიქმნება ნიუ-იორკში, ბერლინში, ბარსელონაში, რომში, ათენში, სალონიკში, პარიზში. დამატებითი უბნების გახსნა შესაძლებელია განახლებული მონაცემების საფუძველზე, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ცესკოს მიაწვდის ყველა მოთხოვნის სრულად გაანალიზების შემდეგ.
ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი
20:50 – ცესკო: 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმას 95 834 ემიგრანტი მისცემს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა ამ დროისთვის 95 834-ია. მანამდე ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საზღვარგარეთ მყოფი საარჩევნო უფლების მქონე 65 508 პირისთვის 42 ქვეყანაში 60 უბანი შეექმნა. თუმცა, განახლებული მონაცემების საფუძველზე, დამატებით 30 326 ამომრჩევლისთვის 7 დამატებითი უბნის გახსნა გახდა საჭირო. ეს არ არის საბოლოო მონაცემი და ჯერ კიდევ მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება შესაბამის უწყებებთან.
ეს საკითხი ცესკო-ს მომავალ სხდომაზე განიხილება. ამავე სხდომაზე ასევე განიხილება ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი, იქ არსებული დაძაბული სამხედრო და პოლიტიკური სიტუაციის გამო. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს თქმით, ამავე მიზეზის გამო საარჩევნო უბანი უკრაინაში არ გაიხსნება.
15:00 – კომუნიკაციების კომისია, სავარაუდოდ, გახარიას პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კომუნიკაციების კომისია მათ პარტიას უფასო პოლიტიკურ რეკლამაზე წვდომას უზღუდავს. არსებული რეგულაციებით, პოლიტიკურ პარტიას შეუძლია ჰქონდეს უფასო რეკლამა ტელევიზიით, თუ საზოგადოებრივი აზრის 5 გამოკითხვაში მას 4%-იანი მხარდაჭერა მაინც აქვს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პარტიას „საქართველოსთვის“ „კვალიფიციური სუბიექტის“ სტატუსი მიანიჭა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე. კომუნიკაციების კომისიამ ამ გადაწყვეტილების გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი დააჯარიმა და სთხოვა „ფორმულას“ შედეგების გადასამოწმებლად მიეწოდებინა დოკუმენტაცია, რომელიც Edison Research-მა გამოიყენა.
„მინდა მივმართო პერსონალურად კახა ბექაურს, ძალიან კარგად მესმის, რომ მონური დამოკიდებულება არის ძალიან მარტივი და სწრაფი გზა გამდიდრებისა, მაგრამ ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია არის დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში და აკეთებდეს ყველაფერს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და მინდა გავაფრთხილო პირადად მე, გიორგი გახარიამ ის, რომ პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა“, – განაცხადა გახარიამ ბრიფინგზე.