
,,2024-2028 წლებში მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მლრდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი“- რას ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა
2024 წლის აპრილიდან კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. ის მიზნად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას ისახავს. პროგრამის ბენეფიციარები ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას იღებენ, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
2025 წელს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც. რა შედეგები აქვს პროგრამას და როგორ ვითარდება ქვეყანაში კაპიტალის ბაზარი? საკითხზე ,,კომერსანტი’’ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილეს ირაკლი გაბრიაძეს ესაუბრა.
· რა მიზანს ისახავს პროგრამა?
პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით. პროგრამის ფარგლებში ხდება ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება, რაც მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. 2025 წელს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამოქმედდება ტექნიკური დახმარების კომპონენტიც, რაც ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზარზე არსებული კომპანიებისა და ინვესტორების ცნობიერების ამაღლებას.
· კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის აპრილიდან ამოქმედდა. პროგრამის ამოქმედებიდან ჯერ ცოტა დროა გასული, თუმცა საინტერესოა როგორია შედეგები? რა ნაბიჯები გადაიდგა ამ პერიოდში?
როგორც აღნიშნეთ, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა რამდენიმე თვეა რაც ამოქმედდა და მან უკვე დიდი ინტერესი გამოიწვია კომპანიების მხრიდან. ამ მდგომარეობით შემოსულია 13 კომპანიის 17 განაცხადი და მხარდაჭერილია 6 კომპანიის მიერ განთავსებული 8 ემისია, რომლებმაც 250 მილიონ ლარამდე საინვესტიციო რესურსი მოიზიდეს საფონდო ბაზარზე. დამატებით 2 განაცხადზე ვაგრძელებთ მუშაობას. მხარდაჭერილი 6 კომპანიიდან ორი მათგანისთვის ეს იყო ობლიგაციების პირველადი განთავსება. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, პროგრამის ამოქმედებიდან დაფინანსებული ემისიების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით, იმავე პერიოდში გამოშვებული ემისიების 45.9%-ს შეადგენს.
· როგორ ხდება განაცხადების გადარჩევა? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია?
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს, რომლის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავალი არ აღემატება 200 მლნ ლარს. ასევე, გასათვალისწინებელია მისი საქმიანობის სფერო, იგი არ უნდა ხვდებოდეს სააგენტოს მიერ დადგენილი აკრძალული საქმიანობების ჩამონათვალში. რაც შეეხება ემისიის მიზნობრიობას, აქაც გვაქვს გარკვეული გამონაკლისები, რაც განისაზღვრება სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სამართლებრივი აქტით. სრული ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია „აწარმოე საქართველოში“ ვებგვერდზე.
· პროგრამის ბენეფიციარები იღებენ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსებას. როგორ განისაზღვრება თანადაფინანსების ოდენობა?
დიახ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თანადაფინანსება მოიცავს როგორც წარმატებით განთავსების საკომისიოს, ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. ერთი დასკვნის ფარგლებში ბენეფიციარის მიერ საბროკერო კომპანიისთვის ასანაზღაურებელი მომსახურების საფასურის (საკომისიო) თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200 000 ლარს, ხოლო ერთი ბენეფიციარისთვის განსაზღვრული თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ჯამურად ორივე მიმართულებით შეადგენს 1 მლნ ლარს.
· პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე თუ დაინახეთ მასში ცვლილებების შეტანის საჭიროება და რა მიმართულებით?
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით და ვიკვლევთ იმ კომპონენტებს, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას. გასული წლის განმავლობაში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რაც კომპანიებს გარკვეულწილად ზღუდავდა ესარგებლათ პროგრამის ბენეფიტებით. შესაბამისად, პროგრამაში შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები და მონაწილეობის მსურველი კომპანიებისთვის წინა სამეურნეო წლის აკუმულირებული ჯამური შემოსავლის ლიმიტი 60 მილიონი ლარიდან 200 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გაფართოვდა დასაშვები საქმიანობების ნუსხაც და საქმიანობის კოდებს დაემატა საფინანსო-სადაზღვევო სექტორიც.
· რას შეცვლის ბაზარზე პროგრამა? როგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის?
საწყის ეტაპზე ვფიქრობთ, რომ პროგრამის ამოქმედება ბაზარზე მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიტანს და გარდამტეხი იქნება მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ბაზრის ცვლილებებს, 2024-2028 წლებში მოხდება 100-მდე ემისიის მხარდაჭერა, რითაც 3 მილიარდ ლარამდე საინვესტიციო რესურსის მობილიზება იქნება შესაძლებელი.
· იურიდიული პირების გარდა ობლიგაციებს ყიდულობენ ფიზიკური პირებიც. რამდენად მაღალია მათი მხრიდან დაინტერესება?
კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის მნიშვნელოვან და თანაბარ როლს ასრულებენ როგორც ემიტენტი კომპანიები, ასევე ემისიის მყიდველი იურიდიული თუ ფიზიკური პირები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ობლიგაციების როგორც კარგი საინვესტიციო ალტერნატივის პოპულარიზება მოსახლეობაში. აღსანიშნავია, რომ ფიზიკური პირების მხრიდან ობლიგაციებით დაინტერესება საკმაოდ მაღალია და იგი აღიქმება როგორც საბანკო დეპოზიტის კარგი ალტერნატივა.