“1.5 წელი სამშენებლო სტადიამდე მისასვლელად, ძალიან ბევრია” – რა აწუხებს ენერგეტიკის ბიზნესს?

News.ge 1 კვირა წინ 1
“1.5 წელი სამშენებლო სტადიამდე მისასვლელად, ძალიან ბევრია” – რა აწუხებს ენერგეტიკის ბიზნესს?

ბიუროკრატია ერთ-ერთია იმ გამოწვევებს შორის, რაც ენერგეტიკის ბიზნესს საქართველოში აწუხებს. „1.5 წელი რომ გჭირდება სამშენებლო სტადიამდე მისასვლელად, ძალიან ბევრია“ – ასე უპასუხა მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი მარგებაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. გიორგი მარგებაძემ კონკრეტული მაგალითის მოშველიებით მოჰყვა რა წარმოადგენს პრობლემას, თუმცა იქვე იმედი გამოთქვა, რომ გამოწვევა ნელ-ნელა მოგვარდება.
– სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს ძალიან დიდი ბიუროკრატიული პროცედურები…
– არასაჭირო ბიუროკრატიას გულისხმობთ?! მესმის, რომ ბიზნესს სწრაფად გსურთ სამშენებლო თუ სხვა გარემოსდაცვითი ნებართვების მიღება, მაგრამ აუცილებელია, შესწავლა, შემოწმება…
– არა… ამას არავინ ამბობს. ზოგადად, 1.5-მეგავატიან ჰესს რომ ვაშენებთ და კანონი არ გვავალდებულებს საჯარო განხილვებს და მოსახლეობასთან შეხვედრებს, ჩვენ მაინც ჩავდივართ და გვაქვს კომუნიკაცია.
– მაშინ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ ბიუროკრატია გაწუხებთ?
– მაგალითს გეტყვით – როცა აკეთებ დეტალურ პროექტს, მშენებლობის ნებართვა უნდა აიღო მუნიციპალიტეტისგან; კანონი გავალდებულებს, აიყვანო ეკონომიკის სამინისტროში რეგისტრირებული ა კლასის ექსპერტი, რომელმაც შენი კონსტრუქციების ექსპერტიზა უნდა გააკეთოს; დადებითი დასკვნის შემდეგ კი, მიდიხარ ნებართვის ასაღებად. გარდა ამისა, შენს პროექტს გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] დოკუმენტში რომ აკოპირებ და გარემოს დაცვის სამინისტროში აგზავნი, სამინისტრო ქირაობს ექსპერტებს, ოღონდ სახელს და გვარებს არ გეუბნებიან და ისინი იმავე კონსტრუქციების ნაწილის ექსპერტიზას აკეთებენ… აღსანიშნავია, რომ არასდროს არ ემთხვევა ერთმანეთს ამ ორი სამინისტროს ექსპერტების აზრები – შესაბამისად, შენ თუ დაუჯერებ გარემოს დაცვის სამინისტროს კონსტრუქტორს – ვერ აიღებ მშენებლობის ნებართვას, ხოლო თუ დაუჯერებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ აკრედიტებულ ექსპერტს, გარემოს დაცვის სამინისტრო არ გაძლევს გზშ-ის დასკვნას. ეს არის გაუგებრობა…
– მგონი, დროა, მოითხოვოთ ლევან დავითაშვილის და დავით სონღულაშვილის მონაწილეობით ერთობლივი შეხვედრა…
– ჩვენ გვაქვს მაგაზე საუბრები, წერილებიც გვაქვს გაგზავნილი..
– არ გცემენ პასუხს?
– როგორ არა… გარემოს ეროვნულ სააგენტოში ახალი ხელმძღვანელია მისული – ელენე ღუბიანური, რომელიც ძალიან კარგი პროფესიონალია იურიდიული, ენერგეტიკული და გარემოს დაცვის თვალსაზრისით. 15 წელია ამ სფეროში ვარ და ასეთი ხელმძღვანელი სააგენტოში არ მინახავს. იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ნელ-ნელა გამოსწორდება.
გიორგი მარგებაძემ „წერტილთან“ ინტერვიუში სხვა გამოწვევებზეც ისაუბრა. მათ შორის გამოყო ელექტროგადამცემი ქსელების განვითარების მნიშვნელობა. ასევე, ისაუბრა მესამე CFD აუქციონის ჩატარების მნიშვნელობაზე და რატომ უნდა გაიმიჯნოს CFD აუქციონზე ტარიფები მცირე და დიდი სადგურებისთვის.
“6-7 თვეა კომუნიკაცია, აუდიენცია ეკონომიკის სამინისტროსთან არ გვქონია“, – თქვა მან „წერტილში“..

სრულად წაიკითხეთ სტატია