საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს არის ჩანიშნული, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 22 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს და სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არჩევნების შედეგებს არ ცნობს, ამის გაკეთებას არ გეგმავს, მმართველი პარტია სხდომის მოწვევას მაინც აპირებს. პაპუაშვილმა, რომელმაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულა, განაცხადა, რომ პირველი სხდომა ორშაბათს 12 საათისთვის დაიწყება.
პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პირველ სხდომაზე (1) პარლამენტი ცნობს თავის უფლებამოსილებას; (2) აღიარებული იქნება 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება; (3) შეიქმნება ფრაქციები; არჩეული იქნება თავმჯდომარე და მისი მოადგილეები; შეიქმნება საპარლამენტო კომიტეტები და აირჩევა მათი თავმჯდომარეები.
იმავდროულად, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი შევიდა, რამაც იურიდიულ ექსპერტთა აზრით, ახალი პარლამენტის ფორმირების პროცესი უნდა შეაფერხოს. თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ ამაზე თვალს ხუჭავს.
პაპუაშვილმა ექსპერტების მოსაზრებას ამ საკითხზე „დეზინფორმაცია“ უწოდა, რომელიც მისი თქმით, უცხოეთიდან დაფინანსებული სსო-ების მხრიდან წამოვიდა. მისი თქმით, პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტის ჩამოყალიბების პროცესს ვერ შეაფერხებს.
პაპუაშვილმა ახალი პარლამენტის მუშაობის პირველ კვირაზეც ისაუბრა. მისი თქმით, პარლამენტი დანიშნავს საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევის თარიღს, რადგან მოქმედი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილს ვადა დეკემბერში იწურება. ის ბოლო პრეზიდენტია, რომელიც ხალხის პირდაპირი საარჩევნო უფლების გზით აირჩევა. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს 300 ხმოსნის შემადგენლობით და იგი საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.
ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ახალი პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს ახალ მთავრობას და მის პროგრამას.
პარლამენტის პირველ სხდომას, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაესწრება
მართლია ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, სავარაუდოდ, მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაესწრება, ვინაიდან ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას და მისი ლეგიტიმაციის ცნობას არ აპირებენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი სხვაგვარად მოელიან: „დადგება 25 ნოემბრის დღის მეორე ნახევარი და ვნახავთ, ამ ოპოზიციას რამდენად შეუძლია საკუთარი სიტყვის შესრულება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
- 15/11/2024 – „ძლიერი საქართველო“ სადეპუტატო მანდატებზე უარს ამბობს
- 12/11/2024 – „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ დეპუტატის მანდატებზე უარს ოფიციალურად აცხადებენ
„ყველა ნახავს, სინამდვილეში ვინ არის ოპოზიცია და კიდევ ერთხელ გამოჩნდება მათი სახე, რომ მანდატებზე უარს არ იტყვიან, განცხადებებს არ დაწერენ, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ საჯარო პირობა დადო“, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ ისინი „მოქმედებენ უცხოელი პატრონების დავალებით“.
თუმცა, როგორც ჩანს, „ქართული ოცნებას“ ერთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა სულაც არ აწუხებს. პაპუაშვილის თქმით, ბარიერგადალახული ოთხი ოპოზიციური ძალა არ წარმოადგენს ამომრჩევლის ნებას, არამედ უცხოელი პატრონების დავალებით მოქმედებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიცია არ არის კომპეტენტური, რომ პარლამენტში იმუშავოს.
ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიიწვიეს. მან განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოსაზრებას, რომ „ეს გახლავთ ჩვენი შიდა, სახელმწიფოებრივი საკითხი“. „მათ შორის უცხოელების არასწორი გავლენის მინიმიზების მიზნით, ელჩებისა თუ სხვა ქვეყნების ჩართულობა ამ პროცესში აუცილებელი არ არის“, – აღნიშნა მან.
ამ განცხადებას წინ უძღოდა ოპოზიციის ლიდერის გიორგი გახარიას მოწოდება, რომელმაც დიპლომატიურ კორპუსს მოუწოდა არ დაესწრონ პარლამენტის სხდომას და არ ცნონ მისი ლეგიტიმაცია. თუმცა პაპუაშვილმა უარყო ის მოსაზრება, რომ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია შეშფოთებამ, რომ ელჩები უარს იტყოდნენ დასწრებაზე.
რას უნდა ველოდოთ?
25 ნოემბერი მორიგი შემობრუნების წერტილია ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში. ყველა თვალი პარლამენტის პირველი სხდომისკენაა მიპყრობილი.
ოპოზიციამ უკვე დააანონსა, რომ პარლამენტის მახლობლად ყველაზე დიდი აქციის გამართვას გეგმავს, რათა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში შესვლის უფლება არ მისცენ.