ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ მოუწოდა ქართველებს, რომ მოახლოებულ არჩევნებზე „ისტორიულად მაღალ“ აქტივობას მიაღწიონ და განაცხადა, რომ ქვეყნის მომავალი მისი მოქალაქეების ხელშია. ელჩმა „ქართული ოცნების“ კამპანიის მეთოდები და ანტიდასავლური რიტორიკა, ქმედებები და პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები დამოკიდებულია თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებზე, რადგან ევროკავშირი, რომელმაც შეაჩერა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, მზადაა არჩევნების შემდეგ ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს.
ელჩმა ჰერჩინსკიმ ეს კომენტარი ჟურნალისტებთან 4 ოქტომბერს, პროგრამის „საარჩევნო კომპასის“ გახსნის ღონისძიებაზე გააკეთა. პროგრამა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერით შემუშავდა. ვებგვერდი საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაციას აწვდის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებზე და მათ პოზიციებზე სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რათა მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა მიეცეთ.
ევროკავშირს 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა „ისტორიულად მაღალი“ აქტივობის იმედი აქვს
ევროკავშირის ელჩმა არაერთხელ მოუწოდა ქართველებს მონაწილეობა მიიღონ 26 ოქტომბრის არჩევნებში. „მოახლოებული არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება თქვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ და იმედი გამოთქვა, რომ ამომრჩეველთა აქტივობა „ისტორიულად მაღალ ნიშნულზე“ დაფიქსირდება, რადგანაც სწორედ მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის მომავალი.
ელჩმა ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი, კონკურენტუნარიანი, ინკლუზიური და გამჭვირვალე იქნება და უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება. მან არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საარჩევნო მისიის ანგარიშის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რადგანაც მასზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ევროკავშირის შეფასება.
ევროკავშირი მზადაა იმუშაოს „ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან“
ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზადყოფნა ითანამშრომლოს ახლად არჩეულ მთავრობასთან არჩევნების შემდეგ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის საჭირო რეფორმებზე, და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ გასულ თვეებში „ბევრი დრო დაიკარგა“. „ჩვენი კარი საქართველოსთვის ღიაა. გელოდებით“, – განაცხადა მან და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი იმუშავებს „ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულ ნებისმიერ მთავრობასთან“.
იმავდროულად, მან ხაზი გაუსვა გარკვეულ ღირებულებებს, რომლებზეც, მისი თქმით, „მოლაპარაკება შეუძლებელია“, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს. კერძოდ, მისი თქმით, ეს ღირებულებებია თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და უმცირესობების უფლებები. „თუ საქართველო ერთპარტიული სახელმწიფო გახდება, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ საქართველო გახდება ადგილი, სადაც სამოქალაქო საზოგადოებას მუშაობისთვის საზღვარგარეთ უწევს წასვლა, თუ არ იქნება დაცული ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორის უმცირესობების უფლებები… მაშინ საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი; არც დღეს, არც ხვალ და არც ზეგ“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩმა სინანული გამოთქვა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გამო და განაცხადა, რომ ევროპული საბჭო საქართველოზე კვლავ იმსჯელებს 17-18 ოქტომბერს, არჩევნებამდე სულ რაღაც ერთი კვირით ადრე.
„ქართული ოცნების“ კამპანიის ბანერებისა და ანტიდასავლური შეთქმულების თეორიების შესახებ
როდესაც ევროკავშირის ელჩს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერების შესახებ ჰკითხეს, სადაც უკრაინის ომი საქართველოში მშვიდობასთანაა შედარებული, ჰერჩინსკიმ გაიმეორა ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მმართველი პარტიის ბანერებს „აღმაშფოთებელი“, „სამარცხვინო“ და „ამაზრზენი“ უწოდა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დასახული ცხრა ნაბიჯის მიუხედავად, რომელთაგან ერთ-ერთი მოითხოვს ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლას მოითხოვს, ეს პროპაგანდა ფაქტობრივად გრძელდება, მათ შორის „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ მმართველი პარტიის შეთქმულების თეორიის მეშვეობით. „ევროკავშირი არის გლობალური მშვიდობის პარტია. ჩვენ ვიცით, სად არის გლობალური ომის პარტია. ის მოსკოვშია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრების შეწყვეტის შესახებ
ელჩმა განაცხადა, რომ ივნისში, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მიღებულ იქნა კიდევ ერთი გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან მაღალი დონის კონტაქტების შეჩერების თაობაზე, რაც ევროკავშირის მიმართ მისმა „არამეგობრულმა“ დამოკიდებულებამ, ასევე მისმა ანტიევროპულმა ნარატივებმა და პროპაგანდისტულმა შეთქმულების თეორიებმა განაპირობა. „როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებმა, ჩვენ გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, – დაადასტურა ელჩმა ჰერჩინსკიმ.
სანქციები „მაგიდაზეა“, მოცემულ მომენტში არ განიხილება
რაც შეეხება ევროკავშირის მიერ საქართველოს ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს არის „ერთ-ერთი ვარიანტი“, თუმცა იქვე დასძინა, რომ შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ევროკავშირი სანქციების დაწესებისთვის წევრ ქვეყნებს შორის ერთსულოვნებას მოითხოვს. ამიტომ 27-წევრიან ბლოკს ამ დროისთვის უჭირს მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. „მოცემულ მომენტში არ განიხილება საქართველოს რომელიმე წარმომადგენლის მიმართ სანქციების დაწესების საკითხი“, – განაცხადა ელჩმა, თუმცა დასძინა, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს სამომავლოდ, თუ არჩევნების შემდეგ საქმეები „ცუდად“ წავა.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/09/2024 – ევროკავშირის ელჩი საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასა და შესაძლო შედეგებზე საუბრობს
- 20/09/2024 – ევროკომისიის პრესსპიკერი: ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს უვიზო რეჟიმი შეუჩეროს
- 28/08/2024 – ევროკავშირი შეშფოთებულია “ქართული ოცნების” გეგმით, აკრძალოს ოპოზიცია; ბლოკის წარმომადგენელი ამბობს, რომ საპასუხოდ “ყველა ვარიანტი განიხილება”