“წელიწადი და 10 თვე გავიდა, რა ვქნა, ვუძლებ…”- ხვალ გია ბურჯანაძე მე-5 ოპერაციას იკეთებს: მსახიობი უმძიმეს დაავადებას ებრძვის – დეტალები

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 25
“წელიწადი და 10 თვე გავიდა, რა ვქნა, ვუძლებ…”- ხვალ გია ბურჯანაძე მე-5 ოპერაციას იკეთებს: მსახიობი უმძიმეს დაავადებას ებრძვის – დეტალები

გია ბურჯანაძე 8 ოქტომბერს თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში რიგით მეხუთე ოპერაციას იკეთებს. 3 ნოემბერს მსახიობი თბილისში უნდა იყოს, თეატრის სცენაზე. თითქმის ორი წელია, რაც 63 წლის მსახიობი ვერაგ სენს ებრძვის, მაგრამ ექიმები მოდუნების უფლებას არ აძლევენ… ამიტომაც არის, რომ სცენა არ მიუტოვებია და სამჯერ გასტროლზეც იყო.

ცხოვრება კიდევ ერთხელ გადააფასა. ხიფათიანი კაცი ვიყავიო, ამბობს და შესაბამისად, ტრავმატოლოგიური კაბინეტის ხშირი სტუმარი იყო. ამიტომ ყოველი გათენებული დღის ფასი, უკვე რა ხანია იცის. თუმცა როდესაც ამ ვერაგ დაავადებას თვალებში ჩახედა, ყველაფერი ისევ თავდაყირა დადგა. მაგრამ უფლის მიერ მიწოდებული ჯვრის ტარებას არ შეუშინებია და მას ძლიერი მხრებით დღემდე ღირსეულად ატარებს. 

“პრაიმტაიმთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სპორტული ცხოვრებით მცხოვრებს ვერ წარმოედგინა, რაიმე მსგავსად ვერაგული დაავადება თუ გაეკარებოდა.

“სამწუხაროდ, ახლა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით, უარს ვამბობ შემოთავაზებულ როლებზე. არ მინდა ვინმე დავაღალატო. არის შემოთავაზებები, მაგრამ მე ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას ვუხსნი… როცა ჯანზე მოვალ და თვითონ ვიგრძნობ, რომ გადასაღებ მოედანზე წასვლა შემიძლია, დიდი სიამოვნებით დავთანხმდები ნიჭიერ ხალხთან ურთიერთობას. 

ოპერაციას გავიკეთებ, 3 ნოემბერს კი სპექტაკლი ჩავანიშნინე. იმედია, ისე ვიქნები, რომ თამაშს შევძლებ. თეატრში თამაში შემიძლია, იქ 3-4 საათი ვარ, აი, გადაღებაზე მთელი დღით წასვლა, ჩემს მდგომარეობაში, რთულია. 

წელიწადი და ათი თვე გავიდა, რაც ამ დაავადებას ვებრძვი. მეხუთე ოპერაციას ვიკეთებ. თურქი ექიმები მეუბნებიან, რომ ამ დაავადების სამუდამო განკურნება ძალიან იშვიათია. დაკვირვების ქვეშ უნდა ვიყო, ანალიზები, ცოტ-ცოტა ქიმია თერაპია. მეუბნებიან, რომ ვიმუშავებ და ასე გავაგრძელებ ცხოვრებას. ძალიან ყურადღებიანი ხალხია. თბილისშიც ძალიან კარგი ექიმები შემხვდნენ, პროფესიონალები და ყურადღებიანები. ჩემმა თურქმა და ქართველმა ექიმებმა ერთმანეთთან კარგი ურთიერთობაც კი დაამყარეს. 

მე ახლა ღმერთის და პროფესიონალი ექიმების იმედად ვარ. სატარებელი ჯვარი უნდა ატარო. ესე იგი ასე იყო საჭირო. უფალს ასე სურდა, რომ გამოეგზავნა განსაცდელი ჩემთან. და ასე ვარ რა, ვუძლებ…”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” გია ბურჯანაძემ.

primetime.ge

სრულად წაიკითხეთ სტატია