“შსს-მ მასიურად დაიწყო დაკითხვებზე დემონსტრანტების დაბარება, რაც ემსახურება, როგორც დაშინებას, ისე ,,ჩვენ აქ ვართ რომ იცოდეთ” პოზიციის ხაზგასმას – მხოლოდ კი არ დაგიჭერთ, მხოლოდ კი არ დაგარბევთ, მხოლოდ სასტიკად კი არ გცემთ, ყოველდღიურ რუტინაშიც შემოგეჭრებით, პოლიციაში გაპორწიალებთო.
საშიში არაფერია, უნდა ვიმოქმედოთ შემდეგი ნაბიჯებით:
1. სატელეფონო ზარის, შეტყობინების საფუძველზე არსად ვცხადდებით ! (შეგიძლიათ მკაფიოდ უთხრათ, რომ არ იცით პოლიციელია, თუ ვინმე ზონდერი და ჩასაფრებას გვიპირებს);
2. ვითხოვთ წერილობითი უწყების ჩაბარებას;
3. მას შემდეგ, რაც უწყება გვბარდება, ვუკავშირდებით ადვოკატს;
4. ვინაიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადება უკიდურესი საფრთის შემცველია (პოლიციელები საჯაროდ სისტემურად სასტიკად სცემენ დემონსტრანტებს, რა გარანტიაა, რომ თავიანთ განყოფილებებში და სამინისტროს ჯურღმულებში პროვოკაციებს არ მოაწყობენ?!), საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად პოლიციელებს ვხვდებით ჩვენს სახლებში ან ადვოკატის ოფისში; ამის მოთხოვნის სრული კანონიერი უფლება გვაქვს და შესაბამისი პრაქტიკა არსებობს.
თუმცა წასვლა/არწასვლაზე პოლიციასთან ჭიდაობა თუ გიწევთ და პროვოკაციის რისკია, შეგიძლიათ გამოცხადდეთ კიდეც განყოფილებაში ადვოკატთან ერთად.
5. მას შემდეგ, რაც თქვენთან გამოცხადდება გამომძიებელი ან თქვენ გამოცხადდებით განყოფილებაში, თქვენ გაქვთ სრული უფლება, დააფიქსიროთ, რომ ჩვენებას მისცემთ სასამართლოს წინაშე, რის შემდეგაც პოლიცია დაგემშვიდობებათ და გამოგიძახებენ სასამართლოში;
6. სასამართლოში როდესაც გამოცხადდებით, არ მისცეთ ჩვენება, ვინაიდან შეიძლება ყველა სიტყვა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. მაგისთვისაა ეს საქმე წამოწყებული. ჩვენების მიცემაზე უარის თქმითაც ვერ შეგედავებიან, ვინაიდან დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დაგიბარეს მოწმედ და საქმეზე გამოძიებაც დემონსტრაციებთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ კითხვებს პასუხები გასცემთ, პასუხების საუკეთესო ვარიანტია – არ მახსოვს, ინტერპრეტაციის სივრცე არ დავუტოვოთ მახინჯ დანაშაულებრივ სისტემას.
როგორც ვხედავთ, ერთი დემონსტრანტის გამოკითხვა საკმაოდ რთულ პროცესად ექცევა სისტემას და თუ მასიურად მსგავსად მოვიქცევით, უდიდესი რესურსის ჩადება მოუწევთ ამის აღსასრულებლად. შესაბამისად მალევე გაეშვებიან სხვების დაბარებას” | წერს ბექა ბასილაია სოციალურ ქსელში