დავით გიორგობიანი,
რომელსაც ფართო
საზოგადოება, ფილმ
"მონანიებიდან" სანდრო
ბარათელის როლით იცნობს,
თავის ცხოვრებაზე
იშვიათად საუბრობს. ბოლო
წლებში ის რელიგიური ტიპის
გადაცემების წამყვანად
მოევლინა მაყურებელს. ის
უძღვებოდა გადაცემათა
ციკლს "გაბრიელ ბერის დრო",
სადაც კითხულობდა მალხაზ
ჯინორიას სქელტანიან
წიგნს - "თქვენი სიცოცხლე
ჩემი სიცოცხლეა". მსახიობმა
აქ მოჰყვა მძიმე ეპიზოდზე
თავისი ცხოვრებიდან...
როგორ დაკარგა დედა, როგორ
გაიცნო ბერი გაბრიელი,
ჩვენი დროის უდიდესი
წმინდანი. დავით
გიორგობიანი: იყო დრო
თეატრსა და კინოში
ვმოღვაწეობდი. 19 წლის ვარ,
გახარებული, ახალ
პროფესიაში შევდივარ.
სარწმუნოების, ცოდნის
მხრივ, არაფერი ვიცოდით.
მხოლოდ პირჯვარს ვიწერდით
და ათასში ერთხელ ტაძარში
შევიდოდით, ვიღაც რომ
გარდაიცვლებოდა,
შეიძლებოდა იმის გამო
სანთელი დაგვენთო. დიდი
მარხვაა. ამ გაგანია შუა
მარხვაში ჩვენი ოჯახი
წავიდა ქორწილში. არც
არავინ გვითხრა, არც ჩვენ
ვიცოდით, რომ ეს არ უნდა
გვექნა. მივემგზავრებით
ავტობუსით, ნათესავები,
ჩემი მშობლები, მე და ჩემი
ძმა. უცებ დიდ დაღმართში
მძღოლი ყვირის -
ვიღუპებითო. თურმე არც
ერთმა მუხრუჭმა არ დაუჭირა
და თვითონ კი გადახტა და ეს
ჩვენი ავტობუსი ხრამში
გადაეშვა. ჩვენ უკან
ვიყავით, იმდენი ხალხი იყო
ფეხზე ძლივს ვიდექით. დედამ
ბავშვიანს დაუთმო ადგილი
და თვითონ წინ, ამაღლებულ
ადგილას (სადაც კონდუქტორი
იჯდა ხოლმე ძველ წლებში)
იჯდა. დაღმართზე
დაშვებისას წამოდგა და ხომ
უფრო ახლოს იყო ჭერთან და
დავინახე დედა, რომელმაც
დაიძახა: ღმერთო, მე
მომკალი და შვილები
გადამირჩინეო. ეს თქვა და
გადავიჩეხეთ კიდეც...
ყირამალა იტრიალა
ავტობუსმა და მდინარის
პირას გაჩერდა. გადავედი და
ვხედავ, მთიდან ჩემი ძმა
ჩამოდის. თურმე მამაჩემს
გადაუგდია ავტობუსიდან.
ამან გამაძლიერა, თან
დედაჩემის სიტყვებმაც.
მივხვდი, რომ ღმერთი არის
აშკარად. ასეთი ძლიერი
ლოცვა არასოდეს
მომისმენია. რას ვხედავ,
დედაჩემი გარდაცვლილია,
მამა წელშია გადატეხილი.
სამი მალა ამოაცალეს...მამა
ამ ფაქტის შემდეგ მორწმუნე
გახდა, კომუნისტის მანდატი
გადააგდო. ყოველ წირვაზე
ეკლესიაში მთაზე ადიოდა.
არასოდეს არ დაჯდებოდა,
წირვის ბოლომდე, სამ მალა
ამოცლილი კაცი, ჯოხით,
ფეხზე იდგა. უკვირდათ
ახალგაზრდებს. ვინ აძლევდა
ამ ძალას? ღმერთის დიდი
რწმენა.იქიდან მოყოლებული
ჩემი ცხოვრება შეიცვალა.
დადგა პერიოდი სახარება
წავიკითხე და რწმენაში
შევედი. თეატრის დირექციას
ვთხოვე, თუ შეიძლება ისე
დაუშვით, რომ კვირა დილით
წირვას დავესწრო და არ
მომიწიოს სპექტაკლის
თამაში-მეთქი. ჩვენ ამდენი
უფლებები არ გაგვაჩნიაო,
მითხრეს. თეატრიდან
წავედი.გამომიძახა თენგიზ
აბულაძემ, რატომ წახვედი
თეატრიდანო, მკითხა.
მოვუყევი. ამ დიდებულმა
რეჟისორმა, როგორც ჩანს,
ჩემში სანდრო ბარათელი
დაინახა და მომცა ეს როლი.
"მონანიება" გადაღებიდან
ორი წლის შემდეგ გამოვიდა.
მე უკვე კინოდანაც ვიყავი
წასული. ამ ფილმიდან სხვებს
მოვუწოდებდით
სინანულისკენ და ჩვენ
თვითონ არ ვიყავით
ეკლესიურები.დავიწყე
მონასტრებში სიარული. დიდი
მამებისგან ვიგებდი
კითხვებზე პასუხებს, რაც
გამიჩნდა: რა გვჭირდა,
რატომ არ გვქონდა სულიერი
წინსვლა, რატომ ვიყავით
ომებში? რატომ არის ჩვენი
ერი ასეთ
დღეში-მეთქი?სიონში ვიდექი,
უწმინდესის ქადაგებებს
ვისმენდი... ერთხელ ვდგავარ
და უცებ ძლიერი ხმა მესმის.
ვხედავ, ბერი გაშლილი
ხელით, გრძელი თითებით
ხელაპყრობილი ამბობს -
ანტიქრისტეებოო! გავოცდი.
ვხედავ, დაუჩოქეს და
კურთხევას იღებდნენ. მე
ისიც არ ვიცოდი, კაცის
წინაშეც თუ იდრეკდნენ
მუხლს. ეს თავმდაბლობის
ნიშანია. მადლი ხომ მხოლოდ
თავმდაბლობით მოდის.ეს
ბერი თურმე სალოსია. რას
ლაპარაკობს-მეთქი, ჩემთვის
განვიკითხე. ამ დროს
ისეთნაირად გადმომხედა,
გამჭოლი მზერით გაიარა
ჩემში. თითქოს ყველაფერი
იცოდა ჩემს შესახებ. ჩემი
თავი დამანახა და
შემრცხვა.ერთხელ წირვიდან
გამოვედი ანჩისხატიდან.
მარჯვნივ კედელთან იდგა,
დიდი ხატი ჰქონდა
ჩამოკიდებული, უცნაური
ქუდი ეხურა და თვალები
უღიმოდა. სიყვარულით
უყურებდა ყველას. ამ დროს
დამწყები მორწმუნე ვარ,
ყველაფერი მაინტერესებს,
მივედი და ბავშვურად
ვეკითხები, შენ სალოსი ხომ
არ ხარ? მითხარი და არავის
ვეტყვი-მეთქი. შემომხედა და
უსიტყვოდ თავი დააქნია.
მამა გაბრიელ, ჩემთან
სტუმრად ხომ არ
წამოხვალთ-მეთქი და ჩემდა
გასაკვირად, რატომაც არაო,
მიპასუხა და არ წამომყვა?
ანჩისხატიდან ფეხით
წავედით... გავუშალეთ დიდი
სუფრა და საოცრებები
ილაპარაკა. მთელი მომავალი,
რაც იმ დროს თქვა, მერე წინ
დამხვდა. ერთხელ მცხეთაში
ჩავედი და მონასტრის ეზოში
ჩემ სულიერ ძმებთან
საუბრობდა. რომ მივადექი,
ღაპაღუპით ჩამოუვარდა
დიდი ცრემლები. ასეთი
ხმაურიანი ტირილი არ
მენახა, ჩამოვარდნილი
ცრემლები ხმებს
გამოსცემდნენ - ბახ ბახ...
მეღუპებიო, მითხრა.
ოკეანეში ღრმად ხარ შესული,
აკულები გადაგყლაპავენო.
წამოდიო და წაგვხვეტა ვინც
იქ ვიდექით. შეგვიყვანა
თავის კოშკში და ოთხი საათი
მიდიოდა საუბარი. რაც
გვაწუხებდა ახალგაზრდებს
გვალაპარაკა. მაწვდიდა
ნაწერებს, თითქოს წინდაწინ
მომზადებული ჰქონდა.
მართლმადიდებლურ ტექსტებს
ვკითხულობდი, გულს რომ
მოგაფხანინებდა, ისეთს.
სხვასაც რომ გინდა
გააგებინო, რომ არ
დაიღუპოს, აი, ამგვარს
მაკითხებდა. გემრიელად
ვკითხულობდი. კითხვებსაც
მისვამდა.ერთხელ ჩემს
ძმასთან ერთად მივედი.
ექვსი საათის მანძილზე
გვარიგებდა. ბოლო
შეხვედრაზე მითხრა, შენ რომ
ჩემთან აღარ მოხვალ, მე
მოვკვდებიო. როგორ
ვყვარებივარ-მეთქი,
გავიფიქრე. ამიტომ ამბობს
ასე-მეთქი. სიტყვა სიტყვით
ასე მოხდა. მე მასთან ვეღარ
მივედი და მამა გაბრიელი
გარდაიცვალა. მისი ყოველი
სიტყვა ღვთისგან იყო...