საქართველოს პარლამენტმა 28 ნოემბერს სამთავრობო პროგრამა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ დაამტკიცა. ქვეყნის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკურ გზას. მასში ასევე ხაზგასმულია მთავრობის მიზანი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ.
პროგრამაში ნათქვამია, რომ „საქართველო გააგრძელებს მტკიცე, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარებას“ საგარეო ურთიერთობებში.
დოკუმენტის თანახმად, ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენა საქართველოს მთავრობისთვის „უმთავრეს პრიორიტეტად“ რჩება. საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ მუშაობას და გამოიყენებს ყველა შესაძლო დიპლომატიურ და სამართლებრივ ბერკეტს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის მისაღწევად, ნათქვამია პროგრამაში.
ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობის გაუარესების ფონზე, პროგრამაში ნათქვამია, რომ საქართველო გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის „შეუქცევად“ გზას. „საქართველო გააგრძელებს ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მიზნით; გამოიყენებს ევროპულ პარტნიორებთან კომუნიკაციის ყველა საშუალებას და შეეცდება მათთან ერთად მოხსნას არსებული ხელისშემშლელი ხელოვნური ბარიერები“, – ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება ნატოში საქართველოს ინტეგრაციას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო აქტიურ კონსულტაციებს გამართავს ალიანსის წევრ ქვეყნებთან მათი მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე, ორგანიზაციის პოლიტიკურ დოკუმენტებში ასახული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიზნით“.
უკრაინის შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ „საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ დიპლომატიურ მხარდაჭერას“.
„საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით გათვალისწინებული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით“, – ნათქვამია პროგრამაში, რომლის თანახმადაც, მთავრობა იმედოვნებს და მოელის, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრული პრიორიტეტები სათანადოდ აისახება თანამშრომლობის ყველა მიმართულებით.
თუმცა, დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „მთავრობის ამოცანაა, მიაღწეულ იქნეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას“.
რაც შეეხება სამეზობლო პოლიტიკას, დოკუმენტში ნათქვამია, რომ მომდევნო წლებში, “საქართველოს სამეზობლო პოლიტიკა იწარმოებს დაბალანსებულად და დამყარებული იქნება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებზე”. დოკუმენტის თანახმად, “საქართველო კვლავ იქნება ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მხარეებს შეეძლებათ, განიხილონ ნებისმიერი აქტუალური საკითხი, როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ ფორმატში (საქართველო, აზერბაიჯანის რესპუბლიკა და სომხეთის რესპუბლიკა)”. პროგრამის თანახმად, “გაგრძელდება თურქეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა, რეგიონული და გლობალური მნიშვნელობის პროექტების განსახორციელებლად”.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჩინეთთან ურთიერთობას და ნათქვამია, რომ ჩინეთთან საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“. პროგრამის თანახმად, მთავრობა გააგრძელებს მაღალი დონის ვიზიტებს ჩინეთში, გააღრმავებს ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის და განსაკუთრებით ეკონომიკასა და ვაჭრობაზე გაამახვილებს ყურადღებას. ამასთანავე, დოკუმენტის თანახმად, მთავრობა გააგრძელებს ძალისხმევას საქართველოსთვის დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად ჩინეთსა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფორმატში (China-CEEC).
ეკონომიკის ნაწილში, დოკუმენტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტსაც ახსენებს და პირობას დებს, რომ პორტი ოპერირებას 2029 წელს დაიწყებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 26/11/2024 – საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატურის მოსმენა პარლამენტში
- 18/11/2024 – ევროკომისია ცხრა ნაბიჯის განხორციელებას აფასებს, ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრები კი საქართველოზე იმსჯელებენ
- 31/07/2024 – აშშ საქართველოს ხელისუფლებისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას აჩერებს
- 03/02/2024 – სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ პარლამენტის ბიუროს წარედგინა