უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ 29 ოქტომბერს სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში თავისი ხელისუფლების მხარდაჭერა გამოხატა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და მისი პოლიტიკის მიმართ, საქართველოში ბოლო არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვები უკუაგდო და „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული სადავო კანონების თაობაზე დასავლეთის განცხადებები გააკრიტიკა.
ინტერვიუს დროს სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთსაც წაუყენეს მსგავსი ბრალდებები არადემოკრატიული პრაქტიკის შესახებ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიბერალური სტანდარტების მიხედვით, დემოკრატია მხოლოდ მაშინ არსებობს, თუ ხელისუფლებაში ლიბერალური პარტიები არიან. მან საქართველოს ლიდერებს მოუწოდა, ყურადღება გაამახვილონ საკუთარი ამომრჩევლის ნებაზე და არა ევროკავშირის სტანდარტებზე ან ლიბერალურ შეხედულებებზე.
სიიარტომ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის წარმომადგენლების „თავდასხმები“ საქართველოზე ივნისში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს. მისი თქმით, საქართველოს კანონების კრიტიკა, საიდანაც ერთი „სუვერენიტეტს იცავს“, ხოლო მეორე „ოჯახურ ღირებულებებს“, ძირითადად სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოდიოდა და რომ უნგრეთი და სლოვაკეთი იცავდნენ საქართველოს ხელისუფლებას შეხვედრაზე. მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ბალტიისპირეთის მინისტრების ვიზიტი საქართველოში აგენტების კანონის საპროტესტო აქციების დროს, რომელთაც, მისი თქმით, „ანტისახელისუფლებო“ აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
კონკრეტული კანონების განხილვისას, სიიარტომ აღნიშნა, რომ უნგრეთს ესმის საქართველოს მოტივები, განსაკუთრებით უცხოური გავლენისა და ოჯახური ღირებულებების კუთხით. მისი თქმით, უნგრეთსაც აქვს კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქ+ ორგანიზაციებს არასრულწლოვანებთან სექსუალურ თემებზე ჩართულობას უზღუდავს და ამ თემის განხილვას მხოლოდ მშობლებს მიანდობს. მისი თქმით, იმ კანონის გამო, რომელიც „ქრისტიანულ ღირებულებებსა“ და მშობლის უფლებებს იცავს, უნგრეთს ევროკავშირის ფინანსური სანქციები დაემუქრა.
რაც შეეხება უკრაინაში კონფლიქტს, სიიარტომ ევროკავშირის მიდგომა გააკრიტიკა, რომელიც ომს რუსეთსა და დასავლეთს შორის შეტაკებად განიხილავს, რასაც, მისი თქმით, „არაეფექტური“ სანქციები მოყვა. მან შეაქო საქართველოს პოზიცია მშვიდობიანი მოგვარების თაობაზე და განაცხადა, რომ ეს ასახავს „გლობალური უმრავლესობის“ პოზიციას, რომელიც ცდილობს მოლაპარაკებებს სამხედრო ესკალაციის თაობაზე.
საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით, სიიარტო მიესალმა ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესს და ივარაუდა, რომ საქართველომ შესაძლოა ახალი ენერგია შეიტანოს ევროკავშირში. მან მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული მისწრაფების მიმართ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს გაფართოებას. მან აღნიშნა, რომ საქართველო „არასამართლიან პირობებშია“ ევროკავშირის გაწევრიანების პრიორიტეტული ნაბიჯების მიხედვით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების მოთხოვნასთანაა დაკავშირებული.
დასასრულს, სიიარტომ უარყო ევროკავშირის ბოლოდროინდელი შეშფოთება საქართველოში ჩატარებული არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. მან ევროკავშირის მინისტრების განცხადებებს „სასაცილო“ უწოდა და ეუთო/ოდირის შეფასებაზე მიუთითა, რომელიც, მისი თქმით, არ ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა. „ამ არჩევნების ლეგიტიმურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება არა მხოლოდ უსამართლოა, არამედ დემოკრატიის შემლახველიცაა”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი საარჩევნო დარღვევები მთელს ევროპაში გავრცელებულია.
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბელარუსში გაემგზავრა ევრაზიის უსაფრთხოების შესახებ მინსკის კონფერენციაზე დასასწრებად. კონფერენციის მონაწილეებს შორის იყვნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბასამ საბაღი.
აღსანიშნავია, რომ უნგრეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიას არჩევნების წინასწარი შედეგები ჯერ გამოცხადებული არ ჰქონდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და მისი დელეგაცია საქართველოს არჩევნების დასრულებისთანავე ეწვია. სხვა ევროპელმა მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორბანის ვიზიტი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში შედგა, შვედეთის პრემიერ-მინისტრმა კი განაცხადა, რომ მისი ვიზიტი იყო არა ევროპის, არამედ შესაძლოა რუსეთის ხმა. ამ განცხადების შედეგად, უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უნგრეთში შვედეთის ელჩი დაიბარეს.
ასევე წაიკითხეთ: