ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები, დაზიანებები სახის, თვალის, კისრისა და მუხლის არეში - "ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან

Primetime.ge 2 კვირის წინ 6
ტვინის შერყევა, სისხლჩაქცევები, დაზიანებები სახის, თვალის, კისრისა და მუხლის არეში - "ტვ პირველის" ჟურნალისტი და ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან
"ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ნიღბიანი პირები თავს ბესიკის ქუჩაზე მაშინ დაესხნენ, როდესაც მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული პირდაპირ ეთერში, საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ერთ-ერთი შენიღბული პირი ჯერ ოპერატორ გიორგი შეწირულისთვის კამერის წართმევას ცდილობდა, რა დროსაც, მაკა ჩიხლაძეს უკნიდან ასევე ნიღბიანი პირი მიუახლოვდა, ჩაარტყა და ძირს დააგდო."ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური თავდასხმა რამდენიმე წუთი გაგრძელდა. ურტყამდნენ, როგორც მაკა ჩიხლაძეს, ასევე გიორგი შეწირულს. ნიღბიანმა პირებმა მათ აპარატურაც წაართვეს, თავდასხმის შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს. ჟურნალისტი და ოპერატორი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა."ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი, მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული გვიან ღამით, ინგოროყვას კლინიკაში გამოიკითხნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა თავდასხმის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.განცხადება გაკეთდა შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. უწყებაში თქვეს, რომ ყველა ასეთ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია."ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი ინგოროყვას კლინიკაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, გიორგი შეწირულს ტვინის შერყევა, მაკა ჩიხლაძეს კი, თავბრუსხვევა და სისხლჩაქცევები აღენიშნება. მათ დაზიანებები, ძირითადად, თავის, სახის, თვალის, კისრისა და მუხლის არეში აქვთ მიყენებული. მათ კვლევები გვიან ღამემდე უტარდებოდათ.ჟურნალისტებზე თავდასხმაზე ისაუბრა დღეს სახელისუფლებო პარტიამაც. "ქართულმა ოცნებამ" ფაქტს პროვოკაცია უწოდა და გამოძიების აუცილებლობაზე ისაუბრა.თბილისის ცენტრში მომხდარი თავდასხმები დაგმო და ფიგურანტების დასჯა მოითხოვა ოპოზიციამაც. ხელისუფლების ოპონენტები მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ."ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დანაშაულის გამოძიება უკვე დაწყებულია და იმედი აქვს, რომ დამნაშავე მალე გამოვლინდება."ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს ნიღბიანი პირები თავს გუშინ ღამით, დაახლოებით 11-ის ნახევარზე, ბესიკის ქუჩაზე დაესხნენ.
სრულად წაიკითხეთ სტატია