ევროპარლამენტში 8 ოქტომბერს დებატები გაიმართა თემაზე „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმის მიმართ არსებული საფრთხეები საქართველოში“. ევროპარლამენტარებმა საქართველოში მოახლოებული არჩევნები, მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებები და ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა, ასევე წინასაარჩევნოდ ქართული დემოკრატიის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების აუცილებლობა განიხილეს. რეზოლუციაზე კენჭისყრა 9 ოქტომბერს გაიმართება.
დებატები ღირებულებებისა და გამჭვირვალობის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვერა ჟუროვამ გახსნა. მან განაცხადა: „26 ოქტომბერს 3 მილიონზე მეტი ქართველი ხმას მისცემს ახალი პარლამენტის არჩევას. ეს საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპულ გზაზე. ის ასევე იქნება მნიშვნელოვანი გამოცდა საქართველოს დემოკრატიისთვის. გასული წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, ვიმედოვნებდით, რომ ეს იქნებოდა ძლიერი სტიმული მთავრობისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების გასატარებლად, რათა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები დაწყებულიყო. სანაცვლოდ, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ ისეთი კანონები დააინიცირა, რომლებმაც ქვეყანა ამ მიზანს დააშორა. მასშტაბური პროტესტის მიუხედავად, ხელახლა დაინიცირდა და დამტკიცდა კანონი უცხოური გავლენის შესახებ, რომელიც ახშობს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციებს. ასევე წარმოდგენილია სხვა ინიციატივები, რომლებიც ახდენენ ლგბტქ თემის დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას და ასუსტებენ სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობას. ამავდროულად, გაძლიერდა ევროკავშირის საწინააღმდეგო რიტორიკა“.
ვიცე-პრეზიდენტმა ჟუროვამ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტს იმის გამო, რომ მან შეშფოთება გამოხატა საქართველოს, ასევე მისი ხელისუფლების „უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებების“ გამო და კატეგორიულად განაცხადა, რომ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირის მიერ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის ან საქართველოს უკრაინიზაციის მცდელობის შესახებ „მიუღებელია“ და მხოლოდ ზიანს აყენებს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირება ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანს და იმედი გამოთქვა, რომ ქართველები დაუბრუნდებიან ევროკავშირის გზას. მან იქვე დასძინა, რომ ევროკავშირი მხარს დაუჭერს ამ პროცესს.
ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ევროპარლამენტი მკაფიო გზავნილს უგზავნის ბიძინა ივანიშვილს და მის თანაპარტიელებს: „ევროკავშირში გაწევრიანება შეუთავსებელია მათ პოლიტიკასთან. თქვენ ვერ იქნებით ერთდროულად პროევროპული და კრემლის მომხრე“. იგივე გზავნილები გაავრცელეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმაც. რამდენიმე ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ საქართველო ვერ იქნება ერთდროულად ევროკავშირის მომხრეც და კრემლის/პუტინის მომხრეც.
პეტრას აუშტრევიჩიუსთან, რაფაელ გლუკსმანთან და სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად, რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა და მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მიმართ.
რამდენიმე ევროპარლამენტარმა, მათ შორის სვენ მიქსერმა და მარკეტა გრეგოროვამ, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მინიჭებული კანდიდატის სტატუსი შეიძლება გაუქმდეს, და ამავდროულად, შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია და ინდივიდუალური სანქციები განხორციელდეს, თუ საქართველო ამჟამინდელ კურსს გააგრძელებს.
მიუხედავად იმისა, რომ დებატების ზოგადი თემა „ქართული ოცნების“ პოლიტიკის კრიტიკა იყო, იყო რამდენიმე ევროპარლამენტარი, რომლებიც იცავდნენ მმართველ პარტიას. ფრანგმა ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში „დემოკრატიის დესტაბილიზაციის“ მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში მილიონები იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მაგრამ „როგორც ჩანს, ჩარევის ეს ფორმა არავის აწუხებს“ ევროკავშირში, რაც, მისი აზრით, ნიშნავს, რომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს. მისივე თქმით, ქართველებს არ სურთ მოსკოვის ბრძანებები და ბრიუსელის რჩევები.
სლოვაკმა ევროპარლამენტარმა მილან მაზურეკმა მიულოცა საქართველოს ანტი-ლგბტქ პროპაგანდისტული კანონის მიღება და განაცხადა, რომ საქართველო იცავს თავის შვილებს „ცისარტყელას სისულელეებისგან“ და რომ ევროკავშირმა საშუალება უნდა მისცეს დემოკრატიულ სახელმწიფოებს თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. მსგავსი განცხადება გერმანელმა ევროპარლამენტარმა ჰანს ნოიჰოფმაც გააჟღერა. იმავდროულად, ესპანელმა ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა ეჭვქვეშ დააყენა რეზოლუციის დრო და იკითხა, ნიშნავდა თუ არა მისი მიღება საარჩევნო პროცესში ჩარევას.
ასევე წაიკითხეთ: