ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დელეგაციის ხელმძღვანელმა იგორ კოჩიევმა დაადასტურა, რომ 16 სექტემბერს უკანონოდ დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა და ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ნიშნის მოხსნის მცდელობისთვის, რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე (3) მუხლით, ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ოკუპირებული რეგიონის სამართალდამცავი სტრუქტურების ინფორმაციით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სერგო მერაბიშვილი და იასონ გენგიური გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარე ტერიტორიის მახლობლად, საოკუპაციო ხაზზე განთავსებული ნიშნის მოხსნას შეეცადნენ და პარალელურად ამ ფაქტს ვიდეოთი იღებდნენ. ისინი საოკუპაციო ძალებმა ადგილზე უკანონოდ დააკავეს. მანამდე ცხინვალის რეგიონში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი ქართულ მხარეს გადმოსცეს, თუმცა ადგილობრივი მედიის Telegram-ის არხის ცნობით, ისინი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
ასევე წაიკითხეთ:
- 30/09/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
- 24/09/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 19/09/2024 – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
- 18/09/2024 – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს დროებით დააკავეს