საია პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ „არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობაზე“ საუბრობს

Civil Georgia 2 კვირის წინ 9
საია პოლიციის მიერ აქციის მონაწილეების მიმართ „არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობაზე“ საუბრობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2 დეკემბერს განცხადება გამოქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების ინფორმაციით, 2 დეკემბერს დაკავებული პირების უმეტესობა სასტიკად ნაცემია, და არაადამიანური და ღირსების დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. საპროტესტო აქციები 28 ნოემბრიდან მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესს აჩერებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულთა ნაწილი ამჟამად სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. „მათ აღენიშნებათ სისხლჩაქცევები მთელს სხეულზე, აქვთ დაზიანებები სახის არეში – ცხვირისა და ყბის მოტეხილობების სახით. კლინიკაში მოთავსებულ ყველა პირს აქვს ტვინის შერყევა, მრავლობითი სისხლნაჟღენთები და ჰემატომები, უჭირთ გადაადგილება და საუბარი“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით, დაკავებულები აცხადებენ, რომ სამართალდამცავების მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა როგორც დაკავების დროს, ასევე დაკავების შემდეგ პერიოდში. „მათ მიკროავტობუსში უმოწყალოდ სულ მცირე ექვსი სპეცრაზმელი სცემდა. ძალადობის პროცესში სამართალდამცავები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ისინი ერთმანეთს უთანხმდებოდნენ, დაკავებულებისთვის ხელი ან ფეხი რომ მოეტეხათ. მათ ზემდგომი პირი მიუთითებდა, რომ ჩაერტყათ ღვიძლის და კეფის არეში. ცემის პარალელურად, დაკავებულებს აფურთხებდნენ, აგინებდნენ და უყვიროდნენ. დაკავებულები იხსენებენ შემდეგ ფრაზებს: “ტრაკში გაგთხრით დუბინკას”, „მოწონდათ გვარამია და ხაზარაძე?”, “შე ევროპელო, თქვენ ხო გევასებათ ტ-ში ტ***რი, გაგიკეთებთ დუბინკას უკან”.

„ხანგრძლივი, უწყვეტი ცემის შემდეგ მიკროავტობუსში სისხლი იდგა. ამ პროცესში ერთ-ერთ ნაცემ ადამიანს საწვიმარი სისხლით გაევსო. წამებას ზედამხედველობას უწევდა შედარებით ასაკიანი მამაკაცი, რომელიც აკონტროლებდა, ცემისას ვინმე არ მომკვდარიყო. მიკროავტობუსიდან გადმოსულებს, სანამ საპატრულო პოლიციის მანქანამდე მიიყვანდნენ, ატარებდნენ სპეცრაზმის კორიდორში, სათითაოდ ურტყამდნენ სახისა და ზურგის არეში წიხლებს“, – აცხადებს საია.

დაკავებულთა ჩვენებების მიხედვით, სპეცრაზმელები მათ ხდიდნენ ფეხსაცმელებს და ბევრი მათგანი ფეხშიშველი მიიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში. სპეცრაზმელები დაკავებულებს მობილურ ტელეფონებსაც ართმევდნენ და სთხოვდნენ კოდის მოხსნას.

„ვგმობთ ამ არაადამიანურ და ღირსების დამამცირებელ მოპყრობას და მოვითხოვთ თითოეული დანაშაულის მყისიერ გამოძიებას“, – აცხადებს ორგანიზაცია. 

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია