“მოთმინებამ კინაღამ მიღალატა, კობახიძე-ივანიშვილის იმდენ ბრუნვაში მოხსენიებამ…” – მედეა შაფათავა

News.ge 2 თვის წინ 30
“მოთმინებამ კინაღამ მიღალატა, კობახიძე-ივანიშვილის იმდენ ბრუნვაში მოხსენიებამ…” – მედეა შაფათავა

“ქართუს” ყოფილი თანამშრომელი, მედეა შაფათავა:

რადგან ჩემი ბრალი არაა, რომ კაფეში გვერდზე მსხდომთა ხმამაღალი საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი, ვწერ და განსჯა და დასკვნა თქვენთვის მომინდვია. მე ჩემსას დავწერ:
რაღაც საქმიანი ზარის მოლოდინში, რომლისთვისაც კომპი დამჭირდებოდა, შევედი ანტრეში, რათა მზად ვყოფილიყავი. ანტრე ჩემთვის როგორც მთავარი ყავის და ლანჩის ან დესერტის, ასევე დღის მანძილზე უმრავლესობა შეხვედრის საყვარელი ადგილია. რეკლამა არაა, გულწრფელად ვემეგობრები, წლებია და ეს მეგობრობა ორმხრივია:) ამ ზარის მოლოდინში რაღაცას ვკითხულობდი, დრო რომ არ დამეკარგა. გვერდზე მაგიდასთან მოვიდა და ჩამოჯდა მამაჩემის ასაკის თავისუფლად ჩაცმული კაცი და ყურადღებით დამათვალიერა. აქვე: ტრენჩი და ჯინსი მეცვა, სულ მცივა, რაც აცივდა და მეც შევხედე, თვალში რაც მომაკლდა და სათვალეს არ ვიკეთებ, მეშინია, უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდე და ნაცნობი ვერ ვიცნო, არ იყო აშკარად ნაცნობი და მე ჩემი საქმე გავაგრძელე, თავი აღარ გამიტრიალებია მისკენ, არც შემდგომი საუბრის დროს. ცოტა ხანში მოვიდა თავისუფლად ჩაცმული ახალგაზრდა, სადღაც 40 წლამდე, არც შემიხედია, მოენჯეოო და მომედიო ტიპი იყო. ვიფიქრე, ჟურნალისტია, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რაღაც პროექტების ტიპი იყო, საკმაოდ ენერგიული და ხმამაღლა, მოურიდებლად მოსაუბრე კარგი, გამართული ქართულით. გარეგნულად აი ისეთი, მუდმივი ვითომ მოუვლელი ქეჟუალიდან რომ არ გამოდიან და გარეგნობაზე ვითომ რომ არ ზრუნავენ, მაგრამ საჭირო აქსესუარების ნაკრებს არ აკლებენ ლუქს. მოკლედ: ერთი ავხედე გვერდიდან, ამ უფროს კაცს აშკარად ყავის ფულის დახარჯვა არ უნდოდა და ამ ბიჭმა ორი ამერიკანოო, შეუკვეთა და დაჯდა. ნაცნობი არ იყო, ნებისმიერ შემთხვევაში არ მეცნო და ისევ ჩემი საქმე გავაგრძელე. მაგან თითქოს ვერ დამინახა (მიყვარს ეს მანერა, ტიპიურად გასვეტსკებული გოიმების, ვისაც საკუთარი პროვინციალურად უზომოდ გაბერილი ეგო არ აძლევს ნამდვილი მაღალი საზოგადოების მანერების ჩამოყალიბების საშუალებას და იჭედებიან სადღაც გაუგებარ კლასში, აღარც გოიმები არიან, მაგრამ არც მთლად მაღალი საზოგადოება, თუმცა საუბარში სხვა შტრიხებიც გამოჩნდა, ამაზე მერე იყოს, ამ კლასს ცალკე დახასიათებას დავუთმობ, მომრავლდნენ). ეხლა ვცდილობ, აღვიდგინო გარეგნობა და ვერ. აი კონკრეტულად აგენტის გარეგნობა – ნახავ და ვერ დაიმახსოვრებ. სრულიად არასახასიათო და არადასამახსოვრებელი სახე, დოსტოევსკის ენაზე რომ ვთქვათ. სახეზე არც შემიხედია, თავის ფორმა ბევრზე მეტყველებს. თან ვფიქრობ, სადღაც ნაცხოვრებია, ახალი ადაპტაციის პერიოდის ძიებაში. რამდენჯერმე წარმოთქვა რაღაც ენჯეოს გამოცდილებაზე, მოკლედ, “ლიბერალი”,ოღონდ მგონი, გაურკვევლობაში მყოფი, ინფორმირებულობის ნაკლებობის გამო. ეს გამოსწორებადია. დიდხანს რომ არ გავაგრძელო, თუმცა ავტოპორტრეტების შტრიხები აუცილებელია ამ სიტუაციაში. ეს მამაჩემისხელა კაცი მანამდე ტელეფონზე ვიღაცას ხმამაღლა ძალიან თავმომწონედ და აშკარად ჩემს (და ალბათ სხვებისაც) გასაგონად უყვებოდა, “რა უყო ამა და ამ ტვ-ს” და ვინაიდან ოპოზიციური ტვ იყო, ვიფიქრე, ოცნების ტიპია და ამან უფრო დამაინტერესა, ძალიან მოუსვენარი იყო, პლეხანოველი ნარკომანი მეგონა თავიდან, თუმცა ნარკოტიკის მომხმარებელი არ იყო. მხატვარი გახლდათ, რაც მისი შეხედვისთანავე გავიფიქრე და არც შევცდი. ამ ახალგაზრდასთან საუბარი სწორედ იმ “რა ვუყავი მაგ ტვ-თი” დაიწყო. საუბარი ეხებოდა რაღაც თემებზე ვიღაცებთან დაკავშირებას, წამოვიდა გვარები, სახელები, და რაც მთავარია, სიტყვათა შეხამება, “რაც მთავარია, ეხლა გავიმარჯვოთ”, სანამ გვარების და სახელების კორიანტელი არ წამოვიდა, რთული იყო იდენტიფიცირება, ვისიანები იყვნენ, სანამ იმედს არ დასცინეს, მანდ უკვე საინტერესო ამბები და სახელებიც დაიწყო. ჯანყარაშვილის ხსენებაზე ყურები დავძაბე, რაღაც მომენტებში მოთმინებამ კინაღამ მიღალატა, -ივანიშვილის იმდენ ბრუნვაში მოხსენიებამ, თან ხშირად იმეორებდნენ, რომ “იმარჯვებენ”. ტექსტებით, რომ “მერე ყველაფერი “სხვანაირად წავა”, “სხვანაირად დალაგდება”, იმხელა იმედები გადმოალაგეს, ოღონდ აი ასეთები როგორ უნდა იყვნენ რაიმე პროცესებთან მიშვებულები, გაუგებარია. ჩემი მოთმინება მილეულს იყო, მაგრამ იმდენად სასაცილოდ უმწეოები იყვნენ, თავი არ შევიწუხე, ზოგადად, ვინც მიცნობთ, იცით, რომ კონტაქტში უმარტივესად შევდივარ და არც მიჭირს საკუთარი საყვარელი აზრების პირდაპირ გადმოფრქვევა. თუმცა: მოკლედ და კონკრეტულად, ამ მხატვარმა იმდენი იტრაბახა, ხან სკოლის პერიოდზე, ხან გამოფენების მოწყობაზე, მთავარი თემა იყო რომელიღაც ივენთით უკმაყოფილება და ბოლომდე ვერ გავიგე, მთელი ამათი შეხვედრის თემა ვის დაკავშირებას ეხებოდა. მივიდნენ მთავარ საკითხამდე, რომლამდეც ამერიკულ ვარიანტში ეს კაცი საკუთარ თავს “ყიდდა”, ანუ აფასებდა და ბოლოს მოითხოვა 15000 ლარი. ოღონდ რამდენად ღირს ეს საქმე ამად, ვერ გეტყვით, შესაძლოა, რაღაც გამოფენის მოწყობა იყო, ყვებოდა, სად და რა გაკეთდა და რა ცუდად. მერე გაჟღერდა “მთავარი უგულავაა მანდ”. ცდილობდნენ, ვითომ მალულად ესაუბრათ, მაგრამ თავმოწონების იმხელა ატომური დოზა იყო, ანტრეს კედლებმა როგორ გაუძლო და ჩემმა მოთმინებამ :)) ამასობაში ზე დადნნენ, გაირკვა, რომ სადღაც პლეხანოვზე ცხოვრობს (მერე გოგოც შეუერთდა ამათ, დააგვიანდა და გოგო ყველაზე ადექვატური იყო ჩემი იქ არსებობის მიმართ, მიხვდა, რომ მაგარი უღირსი საუბარი ჰქონდათ და ამ ბიჭს გადაულაპარაკა კიდევაც ჩუმად, მგონი ესმისო და ამ ბიჭმა არც გამომხედა (მანამდე ხომ “ვერ მნახა”), ხმამაღლა უთხრა, მისი ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე, არ მგონიაო – მოკლედ, რუსი ვეგონე მაგ საწყალს და მშვიდად, თუმცა კაცის წასვლის შემდეგ უფრო დაბალ ხმაზე გააგრძელეს ბაასი. კაცის წასვლამდე კი ეს 15000 ლარი სიცილად არ მეყო. რა ამისთანა “სდელკაა”, არ ვიცი, ან ალბათ რაღაც ივენთი. თუმცა რას გაუგებ ამ ვეებერთელა პიროვნებებს:) ამ კაცს რამდენჯერმე გაუმეორეს, თქვენი კონტაქტები, თქვენი ნაცნობობა (მამმა მია!), და აშკარად ვიღაცასთან დასაკავშირებლად იყო საჭირო თუ რაღაც ივენთში ითხოვდა ეს არ-აღიარებული გენიოსი. (მერე მისი იდენტიფიცირება უნდა მოვახდინო გარკვეულ წრეში, გამორიცხულია ეს ამბავი ამოვიგდო თავიდან). საქმე, რომელმაც დამშოკა და მინდოდა ადგომა და მშვიდად ყველაფრის გამოთქმა, რას ვფიქრობდი მოსმენილიდან, ეხებოდა შემდეგს: ჩემი სტუდენტობის კარგი ნაცნობის მამა მხატვარია. ადრეულ ასაკში დაღუპული და საკმაოდ ცნობილი, ძალიან საინტერესო კომპოზიციების ავტორი და საკმაოდ ძვირფასი ნახატების ავტორი. გვარს მართლა ვერ დავწერ, მაგრამ ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის: ამ ანტრეში მჯდომმა კაცმა, საკუთარ ნამუშევრებზე, მოსული გოგოს შეკითხვაზე, თუ აკეთებენო ასლებს, ვერ გააკეთებენო, რთულიაო ჩემების ასლიო, მოყვა ეს სამარცხვინო ისტორია: ერთ ლამაზ და ცხელ ზაფხულს ფული სჭირდებოდა და გადაწყვიტა, იმ გარდაცვლილი მხატვრის (მეგობრად მოიხსენია) სტილის ნახატის დახატვა. მოკლედ, დავხატეო და მივუტანეო, ვიღაც ახსენა და ვუთხარი, მთიან რეგიონში მოიძებნა და ორიგინალიაო. აი ის იყოო, რა! ვერ გაარჩევდიო. არადა მისი დახატული იყო(ვფიქრობ, ასეთს რატომ უნდა ერქვას მხატვარი და ლეონარდო და ვინჩიც მხატვრების მოდგმიდან იყოს), ისეთი ასლი იყოო, აი ისეთი, იმისი იყოო ერთი ერთში. ასეთი მაგარი ვარო. ვისაც მიუტანა და სადაც მიუტანა (უი, ხო, ნიკუშა შენგელაიასთან ძმაკაცობაც მიიწერა, რას გაიგებ?? ), მოკლედ იმისიაო (ის ხომ გარდაცვლილია და როგორ გადაამოწმებდნენ აუთენტურობას) და $5000 უნდათო. გაგიჟებულან და ეს თანხა ეგრევე გადაუხდიათ, ენდნენ გარდაცვლილის “ძმაკაცს”. შვილები ზღვაზე წავიყვანეო და მაშინ ეგ $5000 გადასარევი თანხა იყოო….. ამ ორმა ჰკითხეს, ნეტავ სად არისო ის ნამუშევარი და არ ვიციო, “ვიღაც მინისტრმა იყიდაო”.. საქართველოვ, ლამაზო… გავაგრძელო?? აი ასეთი ნაძირლები არიან “მაგარი ვარ” და “ესენი გადავაგდოთ, გავიმარჯვოთ და მერე ყველაფერი სხვანაირად იქნება” და “თქვენი კონტაქტები” და მსგავსი და მაგვარი ტრეშ საუბარი ერთი საათის მანძილზე სრულიად ასახავდა იმ “მასოვკის” პორტრეტს, ვინც გულში მჯიღის ცემით პატრიოტია და ამ დროს საკუთარი ძმაკაცის სახელით იპარავს მის დამსახურებულ ღვაწლს! რამდენჯერმე გააჟღერეს თავისი “პაწრიოტობა” ოღონდ, ის პატრიოტობა, რომელიც ვერ გავიგე, სხეულის რომელ უჯრედში აქვთ ჩაკარგული და სხვა რამეში ერევათ. აი გაოგნებული ვიყავი. იმ მხატვრის შვილი ძალიან კარგი ადამიანია და ვიფიქრე, ფოტო გადამეღო ამ ნაძირალასთვის და მისთვის ჩამეგდო იდენტიფიკაციის მიზნით. ის კაცი მალევე წავიდა, ერთსაათიანი სამარცხვინო თვის ქების შემდეგ. ავდექი, ამასობაში მომწერეს და ჩაი შევუკვეთე, ამ დროს შემოვიდა ჩემი ძალიან კარგი კურსელი მეგობარი და ქართულად მივესალმე, იმედია, ამ დარჩენილმა ორმა კარგად გაიგეს, რომ “ეთნიკურად” მესმოდა ის ნაძირლური საუბარი, თუმცა მეეჭვება, ნამუსი ქენჯნიდეთ ან რცხვენოდეთ. იმ ბიჭის ინტონაცია ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ ამ კაცის მიმართ ოდნავ გაცივდა, თუმცა ისე იყო ჩაციებული ამ შეუმდგარი პიკასოს კონტაქტებზე და იმ საშუამავლო 15000-ზე (ლარები), რომ საბოლოო ჯამში კმაყოფილი და “მოხიბლული” დარჩა შეხვედრით, არადა რა იმედი მქონდა, მისი ლიბერალური ახალგაზრდას გარეგნობიდან გამომდინარე, წამით მაინც გააპროტესტებდა საუბარს. არ ეცალა, საქმეზე იყო და სენტიმენტები და ადამიანური ღირსება რა მოსატანია. გრძლად გამოვიდა, თუმცა ძალიან მოკლე ექსტრაქტია იმ ტრაგი-კომიკური ისტორიიდან, რომლის უნებლიე მოწმე გახლდით. რატომ? აი რატომ?? რატომ??? დავასრულე ჩემი საქმე იქ, ჩაი ნელა დავლიე, ავდექი და გავედი. ვიტრინიდან ამ გოგოს გავხედე. მელოდებოდა თვალებით იქიდან და მიყურებდა. ალბათ, მიხვდა, რა miserable წარმოჩნდნენ ჩემს თვალში, თუმცა მეეჭვება, ჩემი შეფასების კრიტერიუმების გონზე ყოფილიყო. იმედია, ის პიკასო საკუთარ თავს ამოიცნობს და გარდაცვლილ უნიჭიერეს მხატვარს (გვარი არ მთხოვოთ, სკანდალი ატყდება) საფლავზე მიაკითხავს ოდესმე და ბოდიშს მოუხდის. რაც მთავარია, კი, ამ ოქტომბერში ნამდვილად გავიმარჯვებთ, ოღონდ თქვენ არა, არა! ჩვენ გავიმარჯვებთ, აი ისინი, ვინც თხემით ტერფამდე ნამდვილი პატრიოტები ვართ, ვისაც სიტყვა სამშობლო ტანში ჟრუანტელს გვგვრის (ამ წუთასაც დამირბინა), ისინი, ვინც მეგობრის სახელს საკუთარი ჯიბის გასასქელებლად არ გამოიყენებს და სხვის სახელს არ შელახავს თავისი უნიჭო (იყოს ნიჭიერი) თხაპვნით. ჩვენ, ვისთვისაც ღირსება #1 თვისებაა და არ იყიდება არც $5000-ად და არც 15000 ლარად. არ დაგითმობთ. ეს თქვენი “სდელკები” არ შედგება. და ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენ კი მსგავს “გარიგებებზე” და “სხვანაირ დალაგებებზე” იოცნებეთ, რამეთუ დღეს თუ მეგობრის ხსოვნა წაბილწე, შენთვის ხვალ სამშობლოს ინტერესის დათმობა მხოლოდ ხელების მოთბობის საქმეა! ამ ისტორიის მორალი? პრინციპის ამბავია, თქვენისთანებს ყოველთვის მივუჩინო შესაშვენი ადგილი და არასოდეს დავიზარებ, საჯაროდ გაგკიცხოთ, რამეთუ ჩვენი საზოგადოება მსგავსი უღირსების ამორალური არსებობისგან განიკურნოს.
P.s. გამახსენდა: იმას (გარდაცვლილს) არ ეწყინებოდა ჩემი ეგ $5000, ნამდვილად ვიციო, თავი გაიმართლა და ეს მის გააზრებულ ნაძირლობაზე საბოლოო ხელისმოწერა იყო.

სრულად წაიკითხეთ სტატია