კულტურის ახალი მინისტრი დაინიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტროს გამოყოფას გეგმავს

Civil Georgia 2 თვის წინ 27
კულტურის ახალი მინისტრი დაინიშნა, „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ სპორტის სამინისტროს გამოყოფას გეგმავს

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 18 ოქტომბერს კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის ახალ მინისტრად თინათინ რუხაძე დანიშნა. პრემიერ-მინისტრის თქმით, არჩევნების შემდეგ სამინისტროს სპორტის კომპონენტი გამოეყოფა და ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

ახალი მინისტრი

კულტურის ახალი მინისტრის დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, წინა მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა დატოვა და დეპუტატობისთვის მზადება დაიწყო. წულუკიანი „ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატთა სიაში მეექვსე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება კულტურის ახალ მინისტრს, მუსიკოს თინათინ რუხაძეს, ის 2016 წლიდან დღემდე თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორია. მისი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო.

კულტურის ახალმა მინისტრმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „ვეცდები, რომ იმ სფეროში, რომელშიც 35 წელია დაუღალავად ვმუშაობ… , ძალიან ბევრი სასიკეთო მოვუტანო იმ ხალხს, ვისაც ჩვენი ქვეყნის სახელ როგორც კულტურაში, ისე სპორტში მსოფლიოში გააქვს“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ახალი სამინისტრო

დღევანდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება „გეგმავს ახალი კანონპროექტის ინიცირებას სპორტის სამინისტროს არსებული სამინისტროსგან გამოყოფის მიზნით.

პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ შალვა გოგოლაძე წარადგინა და განაცხადა, რომ გოგოლაძეს სპორტის მინისტრის პოსტზე მას შემდეგ წარადგენს, რაც არჩევნების შემდეგ ცალკე სამინისტრო შეიქმნება.

იურისტი შალვა გოგოლაძე, რომელსაც სპორტის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, 2017 წლიდან კულტურის მინისტრის მოადგილეა სპორტის საკითხებში. მანამდე, 2015 წლიდან 2016 წლამდე, მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია