პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიისთვის 3 დეკემბერს მორიგი პრესკონფერენცია გამართა. მიუხედავად პოლიციის ძალადობისა და დაკავებულთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ არაერთი ინფორმაციისა და კადრისა, მან შეაქო შინაგან საქმეთა სამინისტრო და მის მიერ საპროტესტო აქციების მართვა.
მისი თქმით, პოლიცია ამ დღეების განმავლობაში მოქმედებდა „ამერიკულზე და ევროპულზე მაღალი სტანდარტით“. აღიარა რა, რომ საპროტესტო აქციების პირველი ორი დღის განმავლობაში ძალადობის რამდენიმე შემთხვევა იყო, კობახიძემ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში შესაბამისი ზომები იქნა მიღებული შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა ფიგურამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავარი როლი ითამაშეს ძალადობრივი დემონსტრაციების ორგანიზებაში, რომელიც მისი თქმით, არის „ჩავარდნილი ნაცმაიდანი“.
პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციის ლიდერები და „მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციები“ ახალგაზრდების გამოყენებაში დაადანაშაულა და გააფრთხილა მშობლები, რომ „მაქსიმალურად მოარიდონ საკუთარი შვილები ლიბერალური ფაშიზმის ნებისმიერ კერას“.
მან ასევე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პიროტექნიკას და სხვა აღჭურვილობას ყიდულობენ საპროტესტო აქციებისთვის და განაცხადა, რომ „ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში…თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“.
კობახიძემ ასევე დააყენა „უცხოელი აგენტებისა“ და მათი პატრონების საკითხი და აღნიშნა, რომ მათ გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც კი ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის, „მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი… თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის” წარმატებისთვის“.
მისი თქმით, საჯარო სექტორში „თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება“. კობახიძეს მხედველობაში ჰქონდა საჯარო სექტორის თანამშრომლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები, რომ ისინი ემიჯნებიან „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ აშშ-ს ახლადარჩეული ადმინისტრაციის გზავნილები სრულად ემთხვევა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გზავნილებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს აძლიერებს ხელისუფლების რწმენას, რომ 20 იანვრის შემდეგ, აშშ-ის ადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძირეულად შეიცვლება.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციასთან „ღირებულებითი თანხვედრა“ აშშ-საქართველოს ურთიერთობების „სრულად გადატვირთვას“ გამოიწვევს.
„იმედი მაქვს, ეს ღირებულებითი თანხვედრა, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების სრულად გადატვირთვას. ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამის ძალიან დიდი პერსპექტივა არსებობს“, – დასძინა მან.
ასევე წაიკითხეთ: