2 დეკემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საჯარო სამსახური, რომლის თანამშრომლებიც გაემიჯნენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, „თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული“ და რომ ამ ადამიანებს „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა“ აქვთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოფიციალური პირები თანამდებობიდან გადაგომისკენ უბიძგებენ იმ საჯარო მოხელეებს, რომელთაც უკმაყოფილება გამოთქვეს.
კობახიძემ განაცხადა, რომ „კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას არის განათლებასთან დაკავშირებული“ და „მინდა შევთავაზო ყველას, ვისაც გაუჭირდა წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება, აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის, თუმცა აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს“. მან ასევე აღნიშნა: „დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ ადამიანს, მათ შორის გულწრფელ ადამიანს, არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება“.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ განცხადებს სოციალურ მედიაში გამოეხმაურა: „არალეგიტიმური პრემიერი მივიდა საგარეოში… რისთვის, ალბათ იმისთვის, რომ თანამშრომლებს დაემუქროს: აპირებენ რეორგანიზაციით გაუშვან ყველა, ვინც ხელს აწერს პროტესტს“.
სამმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), დღეს ბრიფინგი გამართეს თბილისის მერის კახა კალაძის მიერ რეორგანიზაციის პროცესის დაანონსებასთან დაკავშირებული განცხადების საპასუხოდ. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ „მერიაში დაანონსებული რეორგანიზაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს როგორც ინსტრუმენტი იმ საჯარო მოსამსახურეების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარ პოზიციას გამოხატავენ ქვეყნის ევროპული მომავლის შესახებ და ემიჯნებიან ქართული ოცნების მიერ კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს“.
„პირის იძულება, დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან განთავისუფლების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს“, – ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში. „დაუშვებელია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო საჯარო მოსამსახურეთა დევნა და მათზე ზეწოლის განხორციელება“, – აცხადებენ ორგანიზაციები და მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ კონსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში და უზრუნველყონ საჯარო მოხელეთა უფლებების სრული დაცვა.