კალაძე: „ოცნება“ მიესალმება მოსკოვის წინადადებას ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებაზე

Civil Georgia 2 თვის წინ 35
კალაძე: „ოცნება“ მიესალმება მოსკოვის წინადადებას ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობების ნორმალიზებაში დახმარებაზე

თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „პოზიტიურად“ აფასებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ მოსკოვი მზად არის საქართველოს, აფხაზეთსა და ცხინვალს „ურთიერთობების ნორმალიზებაში“ დაეხმაროს, თუ ისინი „დაინტერესდებიან“.  

„[ლავროვის] განცხადება პოზიტიურია, პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ისინი ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს. თუმცა, ამის პარალელურად ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას“, – განაცხადა კალაძემ. „აფხაზეთში არის რუსული ბაზები. თუნდაც, დავიწყოთ საუბარი სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რათა მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა“.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებთან დაბრუნდეს რწმენა ერთმანეთის მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შესაძლებელია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის ურთიერთობების „ნორმალიზებისთვის“ საქართველომ „ძალის გამოუყენებლობის შეთანხმება“ უნდა უზრუნველყოს.  ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება სწორედ ის საკითხია, რომელსაც რუსეთი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ინტენსიურად აყენებს. ასეთი შეთანხმება აფხაზეთსა და ცხინვალს კონფლიქტის მხარეებად და, შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის სუბიექტებად აღიარებდა. კალაძემ ამ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ კალაძის კომენტარის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ რუსეთთამ უნდა „დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები“, ნაცვლად იმისა, რომ „მითურ კონცეფციებზე“ ისაუბროს, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. აფხაზურმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთთან „სტრატეგიული თანამშრომლობის“ მნიშვნელობას, მათ შორის რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს რუსეთის სამხედრო ბაზისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის ერთობლივი დაცვის შესახებ.

„რაც შეეხება მომავალში საქართველოსთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – ნათქვამია ოკუპირებული რეგიონის საგარეო უწყების განცხადებაში.

იმავდროულად, 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთს დე ფაქტო „დამოუკიდებლობის დღე“ მიულოცა და ოკუპირებულ რეგიონსა და რუსეთს შორის „სტრატეგიულ პარტნიორობას“ გაუსვა ხაზი. „რუსეთ-აფხაზური ურთიერთობები წარმატებით ვითარდება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ უზრუნველვყოთ ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სხვადასხვა სფეროში. რუსეთი გააგრძელებს აფხაზეთის ხელისუფლებისა და ხალხის აქტიურ დახმარებას სახელმწიფო განვითარების ამოცანების გადაჭრაში“, – ნათქვამია პუტინის წერილში.

შენიშვნა: მასალა განახლდა 30 სექტემბერს 16:30 საათზე და მას რუსეთის პრეზიდენტის წერილი დაემატა.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია