„თურქმა ექიმმა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო და ჩემთან ერთად გადაიწერა პირჯვარი” – გია ბურჯანაძის ინტერვიუ თურქეთიდან

Dailyinfo.cc 2 თვის წინ 30
„თურქმა ექიმმა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო და ჩემთან ერთად გადაიწერა პირჯვარი” – გია ბურჯანაძის ინტერვიუ თურქეთიდან

გია ბურჯანაძემ სტამბოლის ჯონ ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრში, 8 ოქტომბერს, მეხუთე ოპერაცია გაიკეთა. მძიმე სენთან მებრძოლი 63 წლის მსახიობი კლინიკიდან უკვე გაწერეს და ახლა ექიმს კონსულტაციებზე სტუმრობს. მალე თურქეთს დატოვებს და მეუღლესთან ერთად სამშობლოს დაუბრუნდება.

“პრაიმტაიმმა” მსახიობი, ათი დღის წინ, აფრენამდე ჩაწერა და… ამ, თვითმფრინავში ჩაწერილ ინტერვიუს, სოციალურ ქსელში, უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველები დიდ სიყვარულს უგზავნიდნენ საყვარელ არტისტს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას უსურვებდნენ. ამის შესახებ ჩვენგან მიღებულმა ინფორმაციამ ძალიან გააბედნიერა და სტამბოლიდან, ამჯერადაც დიდი სიამოვნებით გვიზიარებს თავის ამჟამინდელ მდგომარეობას.

მაშ ასე, გია ბურჯანაძე ოპერაციიდან ათი დღის შემდეგ თავის პირველ ინტერვიუს ისევ “პრაიმტაიმს” აძლევს.  

გია ბურჯანაძე: ოპერაციის შემდგომი სამი დღე კრიტიკული მქონდა. ვჭიდაობ, რა. მოძრაობა მიჭირს, მუცელზე მაქვს დიდი ჭრილობა. მალე გადაწყდება, როდის გამომიშვებენ თურქეთიდან სახლში. საქართველოში სამი კვირის შემდეგ მსუბუქ ქიმია თერაპიას დავიწყებ. თებერვლამდე თავისუფალი ხარ, სახლში მკურნალობა გააგრძელეო, აქ  მეუბნებიან. 

აქაურ ექიმებს დავტოვებ და ჩავბარდები თბილისში ჩემს ექიმებს. გადასარევი ექიმი მყავს, ძლიერი ონკოლოგი – რომან სრესელი და ასევე ქეთი ძინძიბაძე. რამდენიმე თვე მათ ხელში ვიქნები და მერე, თებერვლის ბოლოსკენ ისევ გადამოწმებაზე ჩამოვალ თურქეთში, ჯონ ჰოპკინსის ცენტრში. ეს ცნობილი კლინიკათა ქსელია. ძლიერი ექიმები ჰყავთ. ჩემი თურქი ექიმი, აბდულ ჯაფარ ქარტალი, ისეა შეშინებული, რადგან ოპერაციების შემდეგ სულ გართულებები მაქვს. ახლა მითხრა, მოდი, შევთხოვოთ უფალს, რომ გართულებების გარეშე გადაიტანოთ ეს ოპერაციაო. მე ამ სიტყვებზე პირჯვარი გადავიწერე და ამ მუსულმანმა ექიმმა, აჰა, მეც გადავიწერ პირჯვარსო და მანაც გადაიწერა! წარმოიდგინეთ! ოღონდ შენ გართულებები არ გქონდესო და ადგა და მანაც გადაიწერა პირჯვარი. ახალგაზრდა კაცია, 45 წლის იქნება. ძალიან მეფერება. ძალიან ყურადღებიანი ხალხი აღმოჩნდა ამ საავადმყოფოში. დიდი სიკეთეები დავინახე მათგან. 

მსახიობი რომ ვარ, ხომ გაიგეს და უხარიათ. თურქები თავიანთ მსახიობებს ასე ვერ ნახულობენ ქუჩაში და სუპერმარკეტებში ჩანთებით. მხოლოდ ტელევიზორში ხედავენ. ამიტომ თავისებურად პატივს მცემენ.  

სახელმწიფო დაფინანსებით ამ კლინიკაში მკურნალობენ ჩვენი პატარა ონკოლოგიური პაციენტები. მადლობის მეტი რა უნდა უთხრა სახელმწიფოს, პატარების გამოჯანმრთელებაში დიდ ფულს ხარჯავენ. ეს პატარები, რომლებსაც ამ კლინიკის კედლების და ექიმების გარდა რომ არაფერი უნახავთ და ჰგონიათ, რომ ეს არის ცხოვრება, 8-9 თვე აქ ატარებენ. “აქაურები” უკვე კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და რომ გავიგებთ, რომელიმე ბავშვი გამოჯანმრთელდაო, ვურეკავთ ერთმანეთს და ამ სიხარულს ვიზიარებთ. 

საავადმყოფოში ქრისტიანებისთვის სამლოცველო ოთახია გამოყოფილი. უამრავი ხატი, საეკლესიო ლიტერატურაა სხვადასხვა ენაზე, ლოცვანი, სანთლები. დღე და ღამე ღიაა, შედიხარ როცა გინდა, არავინ გიშლის, სანთელს დაანთებ, ილოცებ… 

ექიმებმა მითხრეს, თუ ბოლომდე გამოგვყვები და იჭიდავებ, არ გარდაიცვლებიო. დროა საჭირო. გამაფრთხილეს, როგორც ცხოვრობდი, იმ ცხოვრებით ვეღარ იცხოვრებ, ჩათვალე, რომ მთელი ცხოვრება ასე, ამ რეჟიმით იქნებიო. 

მარჯანიშვილის თეატრალურ აფიშაზე 2 ნოემბერს ჩანიშნულია სპექტაკლი “იდუმალი ვარიაციები”, რომელიც თემურ ჩხეიძემ 2022 წლის ზამთარში დადგა. მთავარ როლებს გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი ასრულებენ. სპექტაკლში სხვა არც არავინ თამაშობს. ეს ჩხეიძის უკანასკნელი ნამუშევარია. სწორედ მასში თამაშზე გვითხრა ათი დღის წინ მოცემულ ინტერვიუში გია ბურჯანაძემ, ჩამოვალ და უნდა ვითამაშოო. 

გია ბურჯანაძე: წესით უნდა შევძლო ჩანიშნული სპექტაკლის თამაში. ვნახოთ, იმედია ათ დღეში ეს ჭრილობა ისე მოშუშდება, რომ 2 ნოემბერს მოძრაობაში ხელი არ შემიშალოს. ფიზიკურად ნორმალურად ვარ, სისუსტე ხელს არ შემიშლის. არც ვარ სუსტად. იმდენჯერ ვყოფილვარ ნაჭრილობევი, ჭრილობა აღარც მიკვირს. უამრავჯერ დავმტვრეულვარ. სანამ ეს დაავადება აღმომაჩნდებოდა, ვერის ბაღში ყოველ დღე ვვარჯიშობდი, ამინდს მნიშვნელობა არ ჰქონდა. ისე მქონდა გამჯდარი, თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი. თუმცა სიგარეტსაც ვეწეოდი და სუფრასთან მოლხენასა და ქეიფსაც არ ვიკლებდი. არ დავმალავ, ცოტ-ცოტას ვეწევი. ექიმებმა მითხრეს, შენ ისეთი დასტრესილი ხარ, კიდევ მოწევაც რომ მკაცრად აგიკრძალოთ, ამით სტრესს ზემოდან დაგიმატებთო. ცოტა მოსწიეო. ერთი ჭიქის დალევის უფლება მომცეს. ერთი ჭიქა… მე ლხინისთვის ვსვამდი და კარგადაც. ღვინოა ჩემი სასმელი. სხვას არ ვსვამ. მაგრამ ერთი ჭიქა რას მიზამს. ჯანზე ვიყავი და ვსვამდი, თვეში ერთხელ-ორჯერ. დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი ბოჰემურად, მაგრამ პროფესია რ მაძლევდა ამის საშუალებას. ისეთი განრიგი მაქვს, ვერ დავლევდი. მე “პახმელიაზე” სპექტაკლი ცხოვრებაში არ მითამაშია. როლისთვის ორი დღით ადრე ვიწყებ მზადებას. ამიტომ ჩემი მეგობრები, ჯერ თეატრალურ აფიშას გადახედავენ და შემდეგ გეგმავენ სუფრას. 

ჩემს დაბადების დღეს, 3 მაისს, თითქმის ყოველთვის სპექტაკლს ვთამაშობ, მერე სამ დღეში გიორგობაა და აღვნიშნავთ ხოლმე. 

სხვა რა გითხრათ… ყველა ადამიანი უფლის მფარველობის ქვეშ ვართ. მის გარეშე ვერაფერს წარმოვადგენთ. ჭიანჭველები ვართ ამ სამყაროში. გვგონია, რომ რამე შეგვიძლია, ასე ვიზამ, ისე ვიზამო, ვიბრიქებით. ჭიანჭველაც არ ვართ, ის კიდევ უფრო მოწესრიგებული არსებაა. ძალიან სუსტები ვართ ამ სამყაროში და რომ არა ღვთის მფარველობა, რა შეგვეძლებოდა?! 

როცა შეგერყევა ჯანმრთელობა, ადამიანი მერე ხვდები და აცნობიერებ, რას კარგავ. წამოგტკივდება და მერე ხვდები ჯანმრთელობის ფასს, მანამდე არაფერს აფასებ. ანდა, ძვირფას ადამიანს რომ კარგავ ან შეწყდება ურთიერთობა, მერე ვხვდებით ადამიანების ფასს. შემდეგ მოდის სინანული, სიცოცხლეში რატომ არ მოვეფერე, რატომ არ ვუთხარი ბოდიში, მადლობა და ასე ილექება ჩვენში. თავისუფლებასაც რომ ვკარგავთ, მერე ვხვდებით მის ფასს. ღვთის წყალობა და ბედნიერებაა ნაჩუქარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა, თავისუფლება, ახლობლების კარგად ყოფნა, ჩვენ კიდევ გვგონია, რომ ეს ჩვენი დამსახურებაა. ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყნად.

სრულად წაიკითხეთ სტატია