სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა” წევრმა ორგანიზაციებმა – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდმა” საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება გააგზავნეს, რომელიც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციურ სარჩელს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ.
„სასამართლოს მეგობრის” მოსაზრება გამყარებულია მასობრივი გაყალბების დამადასტურებელი მრავალრიცხოვანი მტკიცებულებებით, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის „ჩემი ხმა“ დამკვირვებლებმა არჩევნების დღეს შეაგროვეს. მოსაზრების ავტორები იზიარებენ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელის ძირითად პოზიციებს იმის თაობაზე, რომ არჩევნები საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გარანტირებული საარჩევნო უფლების ძირითადი პრინციპების – არჩევნების საყოველთაობის, თანასწორობის, ფარულობის და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის – უხეში და მასობრივი დარღვევით ჩატარდა, რის გამოც ეს არჩევნები არაკონსტიტუციურად უნდა იქნეს ცნობილი.
პრეზიდენტი თავის სარჩელში ითხოვს, რომ სასამართლომ საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არაკონსტიტუციურად ცნოს. მან საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 19 ნოემბერს შეიტანა. სასამართლომ სარჩელი 20 ნოემბერს დაარეგისტრირა, თუმცა წარმოებაში მისი მიღების შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
19 ნოემბერს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED), სადამკვირვებლო მისიამ „ჩემი ხმა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) არჩევნებზე ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს. შეფასებაში ნათქვამია, რომ არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და ხასიათდებოდა რიგი დარღვევებით, როგორიცაა ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დსაშშინება და არასათანადო წინასაარჩევნო ქმედებები. ორგანიზაციების თქმით, საპარლამენტო არჩევნები არ ასახავდა საზოგადოების ჭეშმარიტ ნებას და ამიტომ საჭიროა მათი არაკონსტიტუციურად ცნობა.
ასევე წაიკითხეთ:
- 21/11/2024 – სამართლიანი არჩევნების, ჩემი ხმისა და საიას ერთობლივი შეფასება არჩევნების შესახებ
- 20/11/2024 – ამიხსენი | რას ნიშნავს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი ახალი პარლამენტისთვის
- 19/11/2024 – პრეზიდენტმა არჩევნების კონსტიტუციურობა სასამართლოში გაასაჩივრა
- 30/10/2024 – საია ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს