29 ნოემბერს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების თაობაზე, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესი. მან დაგმო აქციის მონაწილეთა სასტიკი დარბევა და მოუწოდა საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული.
„საპარლამენტო ასამბლეა… გამოთქვამს შეშფოთებას საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, სადაც ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გამოაცხადა, საარჩევნო დაპირებების საწინააღმდეგოდ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოში კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებაზე“, – ნათქვამია საპარლამენტო ასამბლეის განცხადებაში.
განცხადება ასევე „მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ დარბევას“ და აღნიშნავს, რომ მიტინგის დაშლისას გამოყენებული ტაქტიკა არის „სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა“.
„ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს, რომ მომიტინგეთა უმეტესობა დააკავეს და ბრალი წაუყენეს საბჭოთა პერიოდის დროინდელი სადავო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლებით და იხსენებს, რომ არაერთხელ მოითხოვა ამ კანონის შეცვლა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ახალი კანონით“, – ნათქვამია განცხადებაში.
საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები „კიდევ უფრო შემაშფოთებელია“ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელიც, ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ისეთ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი, დაშინებისა და ზეწოლის გარეშე.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ევროპული ღირებულებების ერთგული და სრულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ. იგი ასევე გამოხატავს მზადყოფნას ჩაერთოს „კონსტრუქციულ დიალოგში“ საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოში მომავალ ვიზიტს აანონსებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/11/2024 – ელჩი ჰერჩინსკი: სრულიად ახალი, „გულსატკენი“ რეალობა