ოპოზიცია ეუთო/ოდირს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებისკენ მოუწოდებს

Civil Georgia 3 დღის წინ 2
ოპოზიცია ეუთო/ოდირს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებისკენ მოუწოდებს

ოთხმა ოპოზიციურმა ძალამ, მათ შორის „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ძლიერმა საქართველომ“, „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გახარია – საქართველოსთვის“, გაერთიანებული საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში 19 დეკემბერს ბრიფინგი გამართა, სადაც მათ განაცხადეს, რომ ეუთო/ოდირის სახელზე ერთობლივი წერილი მოამზადეს, სადაც „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას ითხოვენ.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც გაეგზავნება ეუთო/ოდირს. ამ წერილში ჩვენ ვთხოვთ ეუთო/ოდირს, რომ აამუშავოს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იქნა 1991 წელს, რაც გულისხმობს იმას, რომ ეუთო/ოდირმა უნდა გამოაგზავნოს საქართველოში სპეციალური მისია, რომელიც დეტალურად შეისწავლის კანონდარღვევებსა და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ გვქონდეს სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალება ამ ქვეყანაში. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ახორციელებს“. მისი თქმით, ერთობლივი წერილი ასევე შეიცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიშს, რომელშიც დეტალურადაა ასახული „რუსული რეჟიმის“ მიერ დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ „სამწუხარო ვითარება გვაქვს ქვეყანაში, როდესაც ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა“. მისი თქმით, ახლოვდება ევროკავშირის სანქციები. „გუშინ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ოფისი ააფეთქეს გორში. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ეს რეჟიმი არ აპირებს თავისით გაჩერებას, მაგრამ, საბედნიეროდ, არც ქართველი ხალხი აპირებს გაჩერებას, არ აპირებს დაღლას და არც ჩვენი მეგობრები აპირებენ საქართველოს მხარდაჭერის შეჩერებას“.

რა არის „მოსკოვის მექანიზმი?“

„მოსკოვის მექანიზმი“ 1991 წელს ადამიანური განზომილების კონფერენციის მესამე ეტაპზე იქნა მიღებული და ის ავსებს და აძლიერებს ვენის მექანიზმს. ეუთოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „ის იძლევა ექსპერტების მისიების გაგზავნის შესაძლებლობას, რათა დაეხმაროს წევრ სახელმწიფოებს ადამიანურ განზომილებაში დაკავშირებული კონკრეტული საკითხის ან პრობლემის გადაჭრაში“. მექანიზმი  ადამიანის უფლებების პოტენციური დარღვევების გამოსაძიებლადაა განკუთვნილი.

„მოსკოვის მექანიზმი“ ეუთოს წევრ ქვეყნებს საშუალებას აძლევს გამოიძიონ „ადამიანის უფლებების დარღვევის სერიოზული ბრალდებები“ მოცემულ ქვეყანაში, მიუხედავად ამ ქვეყნის ოფიციალური თანხმობისა.

დღემდე „მოსკოვის მექანიზმი“ თხუთმეტჯერ იქნა გამოყენებული, მათ შორის:

  • 1992 წელს: ევროპის თანამეგობრობის 12 სახელმწიფოსა და აშშ-ის მიერ – ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში სამოქალაქო პირებზე სისასტიკისა და თავდასხმების გამოსაძიებლად.
  • 2011 წელს: ეუთოს 14 სახელმწიფოს მიერ – ბელარუსში 2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ადამიანის უფლებების დარღვევების გამოსაძიებლად.
  • 2022 წელს: ეუთო-ს 45 ქვეყნის მიერ – ადამიანის უფლებებისა და უკრაინაში რუსეთის შეჭრის ჰუმანიტარული გავლენის საკითხის გადასაჭრელად.  
  • 2024 წელს: ეუთოს 45 სახელმწიფოს მიერ – რუსეთის მიერ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის თავისუფლების თვითნებური აღკვეთის გამოსაძიებლად.

ასევე წაიკითხეთ:

სრულად წაიკითხეთ სტატია