ოკუპირებული აფხაზეთის მედიამ 11 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ენგურის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც რეგიონისთვის ელექტროენერგიით მომარაგების მნიშვნელოვანი წყაროა, იძულებული გახდა ავარიულად გამორთულიყო წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო.
ელექტრომომარაგების სტაბილიზაციის მიზნით, დე-ფაქტო ხელისუფლება ელექტროენერგიის მიწოდების განახლებულ გრაფიკს ამზადებს, რომელიც მალე გახდება ცნობილი. ამ დროისთვის, ძალაში რჩება ღამით ენერგიის დაზოგვის პროტოკოლი, რომელიც მოსახლეობას საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდებს.
ენგურჰესის გათიშვამ ოკუპირებული რეგიონის ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკა გამოიწვია. ყოფილი დე ფაქტო ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები წლების განმავლობაში ეკონომიკის არასწორ მართვაზე მიუთითებენ. დე-ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა ახრა არისტავამ კრიზისის არსებობა ე.წ. ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბას ეკონომიკური რეფორმების კომისიის პირობებში რეფორმების არარსებობასა და მზარდ ეკონომიკურ არაეფექტურობას, ასევე დე ფაქტო ხელისუფლების ბოლო ხუთი წლის ეკონომიკურ პოლიტიკას დააბრალა.
„ქვეყნის ენერგომომარაგებისა და საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადახდის კუთხით არსებული მძიმე კრიზისის მთავარი მიზეზი ბოლო წლებში ეკონომიკასა და სხვა სფეროებში რეფორმების სრული არარსებობაა“, – განაცხადა არისტავამ. მისი თქმით, ისეთმა გადაწყვეტილებებმა, როგორიცაა 2020 წელს კრიპტოვალუტის მოპოვების ლეგალიზაცია, რამაც ენერგომოხმარების ზრდა გამოიწვია, კიდევ უფრო გაამწვავა არსებული პრობლემები. 2021 წლისთვის რეგიონს მხოლოდ ენერგეტიკული საჭიროებისთვის 1 მილიარდ რუბლამდე დამატებითი დაფინანსების მოძიება მოუწია.
არისტავამ აღნიშნა, რომ 2022 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას 2025 წლისთვის საჯარო სექტორის ხელფასების ზრდის ეტაპობრივად თვითდაფინანსებაზე გადასვლის შესახებ, რისთვისაც 2 მილიარდ რუბლზე მეტის მოძიება გახდა საჭირო. მისი თქმით, 2023 წელს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ თითქმის 1 მილიარდი რუბლი გადაიხადა ელექტროენერგიის რუსეთიდან მოწოდებისთვის. „შესაბამისად, თუ რუსეთის ხელმძღვანელობა ახლა ელექტროენერგიის საფასურის გადახდას ითხოვს, ეს პროგნოზირებადი იყო და ნორმალურია“, – აღნიშნა მან.
„აშკარაა, რომ 2021 წლიდან, არსებული კრიზისის თავიდან ასაცილებლად, საჭირო იყო რეფორმების გატარება და ქვეყნის ეკონომიკისა და ბიუჯეტის საჭირო ოდენობით გაზრდა. თითქოს იყო კიდეც ამის გაგება, შეიქმნა ეკონომიკური რეფორმების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობდა [დე ფაქტო] ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა, მაგრამ, სამწუხაროდ, კომისიამ თავისი არსებობის რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთი წინადადება და მით უმეტეს რეფორმა არ შემოგვთავაზა“, – განაცხადა არისტავამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შედეგად, რუსეთი ითხოვს ელექტროენერგიის საფასურის გადახდას და რომ მიუხედავად აფხაზების მოლოდინისა, რომ რუსეთი მათ წინასაახალწლოდ დაეხმარებოდა, კრიტიკა დე ფაქტო ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიემართოს და არა რუსეთს.
ზოგიერთები ოკუპირებულ რეგიონში კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის გადაჭარბებულ ენერგომოხმარებაზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ამგვარი მოპოვება რეგიონის ენერგომოხმარების 50-60%-ს შეადგენს. მათივე შეფასებით, უკონტროლო მოპოვება და ძლიერი ეკონომიკური განვითარების ნაკლებობა აფხაზეთს საგარეო დახმარებაზე უფრო დამოკიდებულს და ფინანსური კრახის წინაშე უფრო მოწყვლადს გახდის.
ასევე წაიკითხეთ:
- 04/09/2024 – კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- 27/12/2023 – თბილისმა და სოხუმმა ენგურჰესზე იმსჯელეს