საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა ანიტა ჰიპერმა 10 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც მიმდინარე პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირება გააკრიტიკა, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება და დიპლომატიური შედეგების შესახებ გააფრთხილა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დააკავეს 400-ზე მეტი ადამიანი და გავრცელებული ინფორმაციით, 300-ზე მეტი ძალადობის და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდა. „ევროკავშირი გმობს ამ რეპრესიულ ქმედებებს საპროტესტო აქციების მონაწილეების, მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ და ყველა დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირი ფართოდ გავრცელებული დაშინების, პოლიტიკური დევნის, წამების, რომლის შესახებაც ცნობები არსებობს და მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის შეწყვეტას მოითხოვს“, – ნათქვამია პრესსპიკერის განცხადებაში.
პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლების ქმედებებმა შესაძლოა სერიოზულად დააზიანოს ევროკავშირთან ურთიერთობები. „დემოკრატიის განუწყვეტელმა უკუსვლამ და საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გამოყენებულმა რეპრესიულმა საშუალებებმა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა იქონია. ევროკავშირი დამატებით ზომებს განიხილავს 16 დეკემბერს, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მომავალ შეხვედრაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ხაზგასმულია ქართველი ხალხის მიმართ სოლიდარობა და აღნიშნულია ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემის მნიშვნელობა, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა განცხადება წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სარწმუნოდ უნდა იყოს გამოძიებული.
„მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ, რომ დაასრულოს ეს ვითარება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ძალიან დიდ ფასად უჯდება. ძალადობა არ არის პასუხი საპროტესტო აქციების მონაწილეების მოთხოვნებზე საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრესსპიკერმა.