“დღეს ალიევი სომხეთის სრული განადგურებით დაიმუქრა. გამოიყენა ტერმინი “ფაშისტური რეჟიმი”, რომელიც დედასამშობლოშიც ფართოდ არის გავრცელებული და რუსეთის საამებლად გამოიყენება (პუტინს აქვს ფეტიში “სამამულო ომის” მეხსიერებაზე).
რატომ ქნა ეს ალიევმა?
1. გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომხეთი ამერიკასთან აწერს ხელს სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. ალიევმა რუსებს უთხრა, რომ აგერ ვარ მე, ისევ გამომიყენეთ ამათ დასასჯელადო. რუსეთისადმი მაამებლობა იმ ფონზე, რომ რუსებმა თვითმფრინავი ჩამოუგდეს, ძალიან საეჭვო ფაქტია. დარწმუნებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს შეიძლება იმის მანიშნებელია, რომ მართლა აპირებს გააქტიურებას და თვითმფრინავის ამბავსაც მომდევნო აგრესიაზე თვალის დახუჭვაში გამოუქვითავს?
2. ტრამპის განცხდებამ გრენლანდიის, პანამის და კანადის თაობაზე ნოყიერი ნიადაგი შექმნა იმისთვის, რომ თურმე შეიძლება მეზობლებს ასე ელაპარაკო. ტრამპის მერე ალიევი ვის უნდა გაუკვირდეს?
3. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, ალიევს ჰქონდა არჩევანი – სომხეთისგან შეექმნა პარტნიორი ან შეენარჩუნებინა მტერი. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მან მეორე აირჩია. საკუთარი ლეგიტიმაციისთვის, ავტორიტარულ რეჟიმებს მუდმივად სჭირდებათ მტრის ხატები;
4. ნეოოტომანისტ ერდოღანს ოდითგან სურს თურქეთის გავლენების აღდგენა იმპერიის ყოფილ ტერიტორიებზე.
სირიაში ერდოღანის წარმატების შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ლიბიაში იგივეს გამეორება. ძველი ოტომანიზმი გამორიცხავს დამოუკიდებელი სომხეთის არსებობას. ამიტომ, სირიისა და ლიბიის შემდეგ, შეიძლება ისევ სამხრეთ კავკასიას დაუბრუნდეს სულთანი და ალიევი ამისთვის ამზადებს ნიადაგს;
5. ბოლო წლის მანძილზე დრამატულად არის გაზრდილი სომხეთის სამხედრო ხარჯები, რადგან მან იგრძნო, რომ რუსეთის უსაფრთხოების ქოლგა არ ახურავს და საკუთარი თავის იმედად უნდა იყოს. სამხედრო შესყიდვები აქვს ფაშინიანს გახურებული. ამ პროცესის დროზე შეჩერება უნდა და ამიტომ იმუქრება ალიევი;
6. ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ, ალიევს აქვს განცდა, რომ აზერბაიჯანი რეგიონის ლიდერი სახელმწიფოა. საქართველოში დიქტატურის დამყარებას და მის უმცროს პარტნიორად ჩამოლაბორანტებას ეხმარება, ხოლო სომხეთს განადგურებით ემუქრება. გულწრფელად რომ ვთქვათ, მას აქვს ამის საფუძველი: რეგიონში ყველაზე დიდი მოსახლეობა, ყველაზე დიდი არმია, ყველაზე დიდი სამხედრო ხარჯი, ყველაზე დიდი ეკონომიკა, ყველაზე მეტი ბუნებრივი რესურსი, ყველაზე დიდი მფარველი (თურქეთი);
ვთქვათ, მომდევნო წლებში კიდევ უფრო აირია საერთაშორისო ურთიერთობები, ნორმალიზდა საგარეო აგრესიები, რისი ნიშნებიც გვაქვს, ალიევმა კიდევ ერთხელ გადაუარა სომხეთს და ერთ დღესაც განაცხადა “ბორჩალი აზერბაიჯანდირ!” (ბორჩალო, ანუ ქვემო ქართლი, აზერბაიჯანიაო), მერე რას ვშვებით?
საქართველოს რეგიონში ჰყავს ყველაზე პატარა არმია, აქვს ყველაზე მცირე სამხედრო ხარჯი, გამოცდილი ოფიცრების მოზრდილმა ნაწილმა დატოვა შეიარაღებული ძალები. ასეთ გარემოში ტიტუშკა ბუბუკა დაგვიცავს, ტრენაჟორების დარბაზებიდან გამოყვანილი მოჭიდავეები თუ ხალხის მარბიელი რობოკოპები?
კვლავ ვიმეორებ, ოპოზიციამ უნდა გააკეთოს პირველ ეტაპზე რბილი განცხადება, რომ აზერბაიჯანმა შეწყვიტოს ავტორიტარიზმის მხარდაჭერა საქართველოში.
რა მოხდება თუ საქართველოში დემოკრატიის წინააღმდეგ ქმედებას არ შეწყვეტს ალიევი? მოგეხსენებათ, სომხურ დიასპორას ყავს ძალიან გავლენიანი ჯგუფები ამერიკასა და ევროპის ბევრ ქვეყანაში. სომხეთი ყელამდე არის დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიის გამარჯვებით. თუ ალიევი საქართველოში ავტორიტარიზმის სასარგებლოდ იმოქმედებს, მეგობარი სომხური ჯგუფები იმოქმედებენ დემოკრატიის მხარდასაჭერად სხვადასხვა დედაქალაქებში. ალიევმა უნდა იცოდეს, რომ მის ქმედებას გადასახდელი ფასი ექნება.
იმედია, ამას ის ხალხიც კითხულობთ, მათ შორის პარტიებიდან, ვისაც ხელი მიუწვდება დასავლელ პარტნიორებთან და დასავლეთის ქვეყნებში არსებულ სომხურ გავლენის ჯგუფებთან,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა კობახიძე.