საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციის წევრები: თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ჰერმან საბო, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ, წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს და 26 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.„წინასაარჩევნო გარემოზე საუბრისას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს კანონმდებლობა, რომელიც „ქართული ოცნების“ დამსახურებით გაუარესებულია. სადამკვირვებლო მისიის წევრებთან შეხვედრისას ამ საკითხზე ვისაუბრეთ. შეხვედრაზე მიმოვიხილეთ ძალადობრივი გარემო, რომლის მტკიცებულებები პარტია „საქართველოსთვის“ სახელით სტუმრებს გავაცანი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სადამკვირვებლო მისიის წევრებმა ძალიან კარგად იციან საქართველოში არსებული პრობლემები.„შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორების მხრიდან საკმაოდ მძიმე შეფასებები მოვისმინეთ. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ ყველა დარღვევა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს მოხდება, დაფიქსირებული და შეფასებული იქნება“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.როგორც პოლიტიკური ჯგუფის „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს პარტნიორებს კარგად ესმით.„ეს არჩევნები საქართველოსთვის გზაგასაყარი იქნება რუსეთსა და ევროპას შორის, ავტოკრატიასა და თავისუფალ ქვეყანას შორის. ამიტომ ეს მნიშვნელოვანი და ისტორიული არჩევნებია და სწორედ ამას ადასტურებს განსაკუთრებული ყურადღება და ინტერესი მის მიმართ. ჩვენ ყველა ფაქტსა და ტენდენციაზე ვისაუბრეთ, რაც ადასტურებს, რომ ხელისუფლება არ ერიდება არც კანონის დარღვევას და არც ძალადობას“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.