პოლიტიკური კულტურის არარსებობა, ეჭვი და უნდობლობა, - რატომ არ შედგა შეთანხმება ხაზარაძე-გახარიას შორის, - ეს ის მიზეზებია, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა დაასახელა.მმართველი გუნდის განცხადებით, ზურაბიშვილის ამ შეფასებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოპოზიციას თანამშრომლობა არცერთ საკითხზე არ შეუძლია და მათ პირადი მიზნები ამოძრავებთ."ქართულ ოცნებაში" ითქვა ისიც, რომ აბსურდია ზურაბიშვილის ინიციირებული ქარტიის ის პუნქტიც, სადაც კოალიციურ მთავრობის დაკომპლექტებაზეა საუბარი."ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ გახარიასა და "ლელოს" შორის მოლაპარაკებები ისე არ დასრულდა, როგორც საზოგადოება ელოდა."სამწუხაროდ, ეს კონსულტაციების პროცესი არ დასრულდა იმ შედეგით, რა შედეგის მოლოდინიც ჰქონდა საზოგადოებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურ ოპოზიციაში არსებობს შეთანხმების რესურსი და ჩვენ ამის დემონსტრირება არაერთხელ მოგვიხდენია. ეს მოლაპარაკებებიც არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ქარტია არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი და მაგალითი, რომ ოპოზიციაში შესაძლებელია ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება", - განაცხადა საბა ბუაძემ.