პირველად საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს. 27 სექტემბერს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით საქართველოში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში, საქართველოს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლები ეწვევიან.საქართველოში ღონისძიების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.„წელს საქართველოს მთელი მსოფლიოდან მაღალი რანგის სტუმრები ეწვევიან. საქართველოში ჩამოვლენ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მინისტრები, მოადგილეები, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ტურისტული, მარკეტინგული კომპანიების, ავიაციის სექტორის წარმომადგენლები და საერთაშორისო ჟურნალისტები. ჩვენ საქართველოს ვაპოზიციონერებთ როგორც დანიშნულების ადგილს საქმიანი ტურიზმის კუთხით. ასეთი ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობა კი ხაზს გაუსვამს საქართველოს პოპულარიზაციას, მოიზიდავს მეტ ტურისტს და საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდება საერთაშორისო მედიის ეპიცენტრში“,-განაცხადა მაია ომიაძემ.მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით.2023 წლის გაზაფხულზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიის 38-მა წევრმა ქვეყანამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქართველოს დელეგაციის ინიციატივას 2024 წელს, საქართველოში ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით.ტურიზმის მსოფლიო დღეს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UN Tourism) 1979 წლიდან, ყოველი წლის 27 სექტემბერს აღნიშნავს.