ძვირფასი ლითონის ფასზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს, ბოლო პერიოდში ოქროზე ფასის ზრდას ანალიტიკოსები პირდაპირ უკავშირებენ ამერიკის ფედერალური რეზერვის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის 5%-მდე შემცირებას.
ბუნებრივია, გლობალურად ოქროს გაძვირება მოქმედებს ქართულ ბაზარზეც. როგორც „ზარაფხანაში“ ამბობენ, დღეს 1 გრამი ოქროს შესასყიდი ფასი 233 ლარამდეა გაზრდილი, მაშინ როცა პანდემიის დროს, როცა ოქროს ფასი ასევე ნახტომისებურად გაიზარდა, მისი ღირებულება 205 ლარს შეადგენდა.
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი bm.ge-სთან ამბობს, რომ ღირებულებაში ოქროზე ფასი რეკორდულად არის გაზრდილი, რაც საიუველირო ნაწარმზე ფასის უცვლელად შენარჩუნების საშუალებას არ იძლევა. უახლოეს დღეებში ზარაფხანა აანონსებს, რომ ოქროზე ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზრდება.
„ნახტომური ზრდა პანდემიის დროს ფიქსირდებოდა თითქმის იგივე პროცენტულობით, რაც ახლა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს ნახტომური ზრდა მიმდინარე ზრდის პირობებში დაიწყო უფრო გაძვირებული ფასიდან და თუ პროცენტულად იგივეა, საბოლოო თანხაში დაფიქსირდა რეკორდული თანხა. შედარებისათვის, თუ 205 ლარი იყო 1 გრამი შესასყიდი ოქროს ფასი პანდემიის დროს, დღეს არის 233 ლარი, რაც ჩვენ, როგორც ადგილობრივ წარმოებას მძიმე ტვირთად გვაწევს.
გაძვირება გარდაუვალია, ჩვენ უკვე იძულებული ვართ პროდუქცია გავაძვიროთ. უახლოეს დღეებში უკვე გაძვირებული ფასი დახვდებათ მომხმარებლებს, თუმცა ეს გაძვირება ზუსტად აისახება იმ პროცენტულობით, რა პროცენტულობითაც ჩვენ გვიძვირდება შესასყიდი მასალა. ყველანაირად შევეცდებით, რომ 5%-ს არ გასცდეს გაძვირება“,- აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
ბოლო კვირების განმავლობაში ოქრომ არაერთხელ გააუმჯობესა საკუთარი რეკორდი, თუმცა მიუხედავად ამისა ანალიტიკოსები თვლიან, რომ მას კიდევ დარჩა ზრდის პოტენციალი. City Bank-ის პროგნოზით , მაგალითად 2025 წლის შუისთვის დაახლოებით 3 000 დოლარს უნდა მიაღწიოს ოქროს ფასმა ერთ უნციაზე. სხვა ანალიტიკოსების შეფასებით, კონსერვატიული პ??