ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლება, რაც ქართველ ხალხს აქვს დღეს, არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მონაპოვარი, მაგრამ ეს არის მონაპოვარი, რომლითაც ქართველი ხალხი, საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა, რომელიც „მაკკეინის ინსტიტუტის“ ანგარიშს გამოეხმაურა.„როდესაც ამის გაუქმებას ითხოვს „ენჯეო“ აგენტურა, ეს ნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ მოღალატეები არიან, ქართველი ხალხის მტრები. ისინი ერთადერთ რამეზე ფიქრობენ - როგორ მოახდინონ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება, ბომბების წვიმა საქართველოს თავზე და საქართველოს ჩართვა ომში. ეს არის ჩვეულებრივი უსამშობლო აგენტურის ნატვრაც, ოცნებაც და ქმედებებიც სამწუხაროდ, მაგრამ ქართველი ხალხი ამ უსამშობლოებს პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - აცხადებს სუბარი.„მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.