პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორ ირაკლი კუპრავასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის ახლად რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს ეწვია.სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლა 600 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლაში ფუნქციონირებს: თანამედროვე სასწავლო სივრცეები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, სასადილო, ექიმის კაბინეტი, რესურსოთახი, სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილია გათბობის, სახანძრო სიგნალიზაციის და უსაფრთხოების სისტემებით, აღჭურვილია ყველა შესაბამისი ინვენტარით, რესურსითა და ტექნიკით.სოფელ მეჯვრისხევში გივი მიქანაძე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრ, გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი სოსიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.სოფელ ახალქალაქში გივი მიქანაძემ 300 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა დაათვალიერა. სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი, ღია და დახურული სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, უზრუნველყოფილია თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით.სოფელ ახალქალაქის სკოლაში გივი მიქანაძესთან ერთად პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილი იმყოფებოდა.მეჯვრისხევისა და ახალქალაქის სკოლების სრული რეაბილიტაციის პროექტი სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ განახორციელა.