"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ანტიკორუფციულ ბიუროს უპასუხა. ორგანიზაცია გადაწყვეტილებას უსაფუძვლოს უწოდებს და მიზნად სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას ასახელებს."არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ინტენსიური ხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის შევიწროება ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი ე.წ. დამოუკიდებელი ინსტიტუტებისა და სასამართლოს მეშვეობით. 6 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, "აირჩიე ევროპის" ხელმძღვანელების, აგრეთვე, საქართველოს კომერციული ბანკებისგან, ამ პირების ანგარიშებზე განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. სასამართლომ შუამდგომლობა იმავე დღეს დააკმაყოფილა. მოსალოდნელია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შემდეგი ნაბიჯი "აირჩიე ევროპის" ან მისი დამფუძნებლებისათვის ჯარიმების დაკისრება იქნება, რაც შეაფერხებს, თუ არა საერთოდ შეუძლებელს გახდის აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობას. აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროსა და სასამართლოს უკანონო ქმედებები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებთან მუშაობის გაცხადებული გეგმის განხორციელების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, რაც ზიანს აყენებს 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების მიზანს," - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები" არიან და მათზე "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. უწყების მონიტორინგის შედეგების მიხედვით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და "აირჩიე ევროპა" ხელმძღვანელებთან ერთად, აქტიურად არიან ჩართულები წინასაარჩევნო კამპანიაში. ისინი ვალდებულები იქნებიან, 5 დღის ვადაში, ბიუროს ფინანსური ანგარიშები წარუდგინონ.