ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიში კვლავ შეფასებების საგანია.ოპოზიციაში ამბობენ, რომ რთულად წარმოსადგენია, რომელიმე ქართული ორგანიზაცია ცდილობდეს ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას."გირჩის" ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ეს განცხადებები დასავლეთიდან წამოსულ ექოს ჰგავს."წარმოიდგინეთ, საქართველოს მოსახლეობამ რომ გაიგოს, ქართული ორგანიზაცია, ან საქართველოს მოქალაქე ცდილობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის სიკეთეები წაართვას. არ ვიცი ვინ არიან ეს ხალხი, მაგრამ ეს ჩემი აზრით ექო ჰგავს, რომელიც დასავლეთიდან მოდის და ვიღაც ამას პასუხობს საქართველოდან. ვიდრე ის, რომ ჩვენი ინიციატივა იყოს, რომ გაგვიჩერონ [ვიზალიბერალიზაცია]", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.შეგახსენებთ, "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ არჩევნებამდე 1 თვით ადრე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ქმედება "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებების შედეგების საჩვენებლად აუცილებელია.